ლონდა თოლორაია - პროკურატურის მიერ მომიტინგეებისთვის წარდგენილი ბრალი, სადაც უწყება მათ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ედავება, არის შაბლონური და ერთმანეთის იდენტური, ასევე არ იკვეთება პირების დანაშაულებრივი ქმედებები

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობების მიუხედავად, სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ყველა მათგანი და აქციის ყველა მონაწილეს შეუფარდა პატიმრობა. სასამართლომ პატიმრობის შეფარდებისას გამოიყენა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი უკანონოდაა მოპოვებული, ხოლო ნაწილის მოპოვების კანონიერება და უტყუარობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - მოსამართლეები დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებისადმი განსხვავებული მიდგომებით, სასამართლო სხდომებზე აშკარად ავლენდნენ ბრალდების მხარისაკენ მიკერძოებას,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი, სადაც უწყება მათ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ედავება, არის შაბლონური და ერთმანეთის იდენტური, ასევე არ იკვეთება კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედებები კონკრეტულ დანაშაულებში.

“აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდეგი არსებითი დარღვევები:

პროკურატურის მიერ ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს, არის შაბლონური და ერთმანეთის იდენტური. კერძოდ, არ არის გამოკვეთილი თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური როლი დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამგვარი მტკიცებულებები.

ასევე, დარღვევები იკვეთება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს - პროკურატურის მიერ აქციის მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის საფუძვლად გამოყენებული მტკიცებულებების ნაწილი არ არის მოპოვებული კანონიერად ან/და მათი მოპოვების კანონიერება და უტყუარობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. რიგ შემთხვევებში დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ადგილი და დრო არ შეესაბამება რეალობას. ასევე, რიგ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია გადაუდებელი აუცილებლობით ან/და ღამით, მაშინ როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. დარღვეულია დაკავების ვადები - ბრალდებულთა ნაწილი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებისთანავე, იზოლატორის ეზოში.

აქციის მონაწილე ყველა ბრალდებულის მიმართ, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, პროკურატურის მხარე სასამართლო სხდომებზე ბრალდებულებისთვის მუდმივად პატიმრობის მოთხოვნით გამოდიოდა - მიზეზად კი მიმალვის საფრთხესა და მოწმეებზე ზეგავლენის რისკებზე საუბრობდნენ, თუმცა არცერთი წარმოდგენილი გარემოებები ამ მიზეზებს არ ადასტურებს.

„საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში პროკურატურის მიერ სასამართლოში, პატიმრობის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობები არ აკმაყოფილებს არც მტკიცებულებით სტანდარტს და არც პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას შეიცავს. შუამდგომლობები ძირითადად შაბლონურია. შუამდგომლობებში აბსტრაქტულად არის მითითებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშზე, მიმალვის საფრთხეზე, მოწმეებზე ზეგავლენის რისკებზე, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები, რაც ამ საფრთხეების რეალურობას დაადასტურებს. კერძოდ, არ არის მითითებული შუამდგომლობებში და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს რომ ბრალდებულები მიიმალებიან, ან როგორ მოახდენენ აქციის მონაწილეები ზემოქმედებას მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან ან როგორ გაანადგურებენ აქციის მონაწილეები ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებების გამგებლობაშია.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობების მიუხედავად, სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ყველა მათგანი და აქციის ყველა მონაწილეს შეუფარდა პატიმრობა. სასამართლომ პატიმრობის შეფარდებისას გამოიყენა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი უკანონოდაა მოპოვებული, ხოლო ნაწილის მოპოვების კანონიერება და უტყუარობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პატიმრობის შეფარდება მოხდა იმ ბრალდებულთა მიმართაც, რომლებიც სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ დაკავებისას და პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავთა მიერ მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ.

სასამართლომ ხდომებზე მოსამართლეები გამოტანილი გადაწყვეტილებების ზეპირსიტყვიერი დასაბუთების დროს ფაქტობრივად იმეორებდნენ ბრალდების მხარის პოზიციას. მოსამართლეები, პროკურორების მსგავსად, არ უთითებენ კონკრეტულ გარემოებებზე, რამ განაპირობა ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდება და რატომ არ იყო შესაძლებელი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება დაკავებულების მიმართ.

ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლეები დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებისადმი განსხვავებული მიდგომებით, სასამართლო სხდომებზე აშკარად ავლენდნენ ბრალდების მხარისაკენ მიკერძოებას. მოსამართლეები, როგორც წესი, არ რეაგირებდნენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, თუმცა განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით.

ბრალდებულთა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომების დიდი ნაწილი ჩატარდა მცირე ზომის დარბაზებში, მაშინ როდესაც სხდომების მიმართ არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი, მათზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იყო მაღალი და იყო ასეთი სხდომების დიდ დარბაზებში ჩატარების შესაძლებლობა. აღნიშნული არღვევს პროცესის საჯაროობის პრინციპს, ვინაიდან დაინტერესებულ პირებს შეეზღუდათ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის