პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე საერთაშორისო კონფერენციაზე - „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაციები“ ისაუბრა

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა და „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაციები“ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განაპირობებს გარკვეული ამოცანების უკეთ განხორციელებას,მათ შორის სწავლა-სწავლების პროცესის გამარტივებას, განსაკუთრებით დისტანციურად.

„ხელოვნური ინტელექტის მახასიათებლები მიუთითებენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა განათლების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაძლებელია. AI მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტომატიზებული მიდგომის გამოყენებით, მიიღონ დროული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. AI-ს მეშვეობით შესაძლებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური მიდგომების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს განათლების უფრო ხელმისაწვდომობასა და სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განაპირობებს შემდეგი ამოცანების უკეთ განხორციელებას: 1) სწავლა-სწავლების პროცესის გამარტივებას, განსაკუთრებით დისტანციურად; 2) ჭკვიანი ასისტენტის კონცეფციის შემუშავებას, რომელიც გულისხმობს დახმარებას როგორც პროფესორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მოძიების, მონაცემთა დამუშავებისა და რუტინული ფუნქციების შესრულების პროცესში (ეს დახმარება აკადემიურ სტანდარტებთან უნდა იყოს შესაბამისობაში); 3) ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების შექმნას; 4) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ამოცანების დროულად შესრულებას“.

ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის მასშტაბებისა და შესაძლებლობების ზრდის ფონზე, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს შეუძლია უზრუნველყოს სანდო ხელოვნური ინტელექტის კონცეფციის შემუშავება და განმარტოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების კანონიერი მიზნები ძირითად სფეროებში, მათ შორის განათლების პოლიტიკაში. ეს აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. ასევე, შესაბამისი მიზნების მისაღწევად, ხელოვნური ინტელექტის სისტემები უნდა ეფუძნებოდნენ ობიექტურ ინფორმაციას. ასეთი მონაცემების დამუშავებით ისინი შეძლებენ სწორი დასკვნების გაკეთებას და ადამიანების დახმარებას სხვადასხვა ამოცანების ეფექტიანად შესრულებისას, განსაკუთრებით ავტომატიზებული მიდგომის გამოყენებით რუტინული ამოცანების განხორციელებისას, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - განაცხადა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება