ანა დოლიძე - ჩემი ამოცანაა, ყველა საერთაშორისო საშუალება იყოს გამოყენებული, რათა პასუხი ვაგებინოთ იმ ხალხს, ვინც ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა სისხლიანი დარბევები

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე და კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ჰააგაში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში დეკემბრის აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები მიიტანა. ამასთან, ანა დოლიძემ შეხვედრები გამართა პარლამენტის წევრებთან, კოლეგებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რა საკითხებზე ისაუბრეს და როგორია საერთშორისო გზავნილები, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძე ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, ჰააგაში იმყოფებოდით, სადაც, თქვენივე განცხადებით, აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები წარადგინეთ. თუ შეგიძლიათ განმარტოთ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი?

- ჩემი ამოცანაა, ყველა საერთაშორისო საშუალება იყოს გამოყენებული, რათა პასუხი ვაგებინოთ იმ ხალხს, ვინც ორგანიზება გაუკეთა, გეგმავდა და განახორციელა სისხლიანი დეკემბრის დარბევები. ამისთვის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს უცხოეთის სასამართლოები, პარლამენტები სანქციებისთვის, თუ საერთაშორისო სასამართლო. ყველა მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ!

ამ მიზნით ვიყავი ჰააგაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, ჰააგის სასამართლოს განყოფილებას, რომელიც იღებს წინასწარ ინფორმაციას საქმეებთან დაკავშირებით. მივაწოდე ინფორმაცია დანაშაულების ხარისხის შესახებ. ჩემი მტკიცებით და როგორც საია ამბობს, დეკემბერში ეს იყო ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ჩავიტანე ვიდეო, ფოტომასალა, მონათხრობები. ეს არის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა დაიწყოს მტკიცებულებების მოგროვება. როგორც ვიცი, აღნიშნულს უკვე აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის წერტილი, სადაც შეგვიძლია მოვითხოვოთ სისხლიანი დეკემბრის ავტორების პასუხისმგებლობა.

- ასევე, შეხვედრები გქონდათ პარლამენტის წევრებთან, კოლეგებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუ ესაუბრეთ მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე მტკიცებულებებთან დაკავშირებით?

- დიახ, მე ამის შემდეგ მქონდა შეხვედრა ნიდერლანდების პარლამენტში, ყველა ფრაქციის წარმომადგენელთან. იცით, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

გარდა ამისა, ვმუშაობ ინგლისის პარლამენტთან. ირაკლი რუხაძის ბიზნესის ნაწილი, "იმედის" ნაწილი გაკეთებულია ბრიტანეთის იურისდიქციაში. „რვაფეხის“ სისტემას ვეძახი, იმ ფაქტს, როდესაც უნდა მივწვდეთ ყველას საქართველოში თუ არა, ყველგან.

რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ეს გრძელვადიანი პროცედურაა. თუ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, გადაწყვეტილებას სჭირდება წლები. მთავარია, რომ ერთ-ერთი მექანიზმია. რამდენი კარიც არსებობს, ყველა უნდა გამოვიყენოთ.

ასადის რამდენიმე თანამოაზრე გასამართლებულია შვედეთის სასამართლოში, იმ ქვეყნების სასამართლოები თავს ვალდებულად თვლიან, რომ როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი მასშტაბია, პასუხი უნდა აგოს ყველამ.

- რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება, კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალი? რა მოლოდინები გაქვთ?

- ამოცანაა ის, რომ დაუსჯელობის განცდის შეგრძნება უნდა დასრულდეს. რუსთაველის აქციებს ბევრი ამოცანა აქვს, მათ შორის ესეც, დაუსჯელობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს!

„ფარცხალაძიზმი“ უნდა დასრულდეს. ვიღაცას რესტორანში სცემ და პასუხი არ მოგეთხოვება?! ეს არ შეიძლება. ეს არის ჩემი ამოცანა, ეს დავასრულოთ. თუ ვინმემ რაიმე დააშავა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ!

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? თუ აპირებთ რაიმე სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას?

- მე დეკემბერში ვმუშაობდი ინგლისის პარლამენტის წევრებთან, პირველად განხილვაზე დაისვა საკითხი, "იმედის" მშობელ კომპანიაზე, ხომ არ უნდა მოხდეს აქ გამოძიება. მსგავსადაც, სადაც მიგვწვდება საცეცები, უნდა გამოვიყენოთ. იანვარში განახლდება პარლამენტში სხდომები და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ბართლომეს ღამეები იყო ჩადენილი და მარტო კოკა კაციტაძის პასუხისმგებლობა არ არის. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ!

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში