ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე - შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო - ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა"

შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ეთერში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ირაკლი რუხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ისაუბრა და შეხვედრაზე მის მიერ დაიფიქსირებული პოზიციები განმარტა.

რუხაძის თქმით, როცა „ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს“.

"მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ, მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია, როგორც პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი წლის მერე თუ ხუთი წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს“, - აღნიშნა რუხაძემ „იმედთან“.

ასევე, რუხაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მის მიერ ნათქვამმა „სიტყვამ ვნებათაღელვა გამოიწვია“, შესაბამისად, შეცდება გაიმეოროს ის, რაც შეხვედრაზე მის მიერ გაჟღერდა.

„იყო ხალხი,რომელიც დღეს აკრიტიკებს მთავრობას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ დღეს მთავრობა არასწორ პოზიციაზე დგას და იყო ხალხი, ვისაც მიაჩნია,რომ მთავრობა დგას სწორ მხარეს და რომელსაც რა თქმა უნდა, მეც ვეკუთვნი.

მე ვთქვი სიტყვა, რომელმაც, როგორც ვხედავ, გამოიწვია ვნებათაღელვა. მე არ ვაპირებდი არანაირი სიტყვის თქმას, იქ მომივიდა თავში, რომ მეთქვა, ამიტომ შევეცდები, რაღაცნაირად გავიმეორო.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს, რაც იქ ვთქვი, მაგრამ შევეცდები გავიმეორო, იქ, რა ვთქვი. პრემიერმა ძალიან დეტალურად და გრძლად მოყვა ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს. ამ ისტორიას მე, დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება ყველა ნიუანსს არ ვეთანხმები, მაგრამ დიდწილად ვეთანხმები და ამას ყველა გულისყურით ვუსმენდით. როდესაც მორჩა და კითხვები წავიდა, მე უბრალოდ, დაახლოებით ასეთი რაღაც ვთქვი, პრემიერს ვუთხარი, რომ ეს ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით, არის ძალიან რთული ისტორია და ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ... ჯერ ერთი, ან ყველას გვესმის, რასაც გვიყვებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ნიუანსია ისტორიაში, რომელსაც ჰყვებით, ან რატომღაც ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ამ ოთახში ხალხი ეთანხმება“, - განაცხადა რუხაძემ.

რუხაძემ საკუთარი პოზიციები განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის კარგად იყოს ახსნილი ისტორია, რომელსაც ჰყვება მთავრობა, რადგან თუკი ადამიანს არ სჯერა, ისტორიის პირველი ნაწილის, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ომში ჩართვას, მათთვის "ქართული ოცნების" მოქმედებები "არაფერში ჯდება" და რთულია დამტკიცება.

„მე ვთქვი, შენ თუ თავიდან, პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, ანუ მერე, ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში ჯდება.

მე ვთქვი, რომ უცებ-უცებ, მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის [საქართველოს ომში ჩაბმის მოთხოვნა] არ გჯერა. ეს ვთქვი მე და ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი ეს იყო. მე ვთქვი, რომ ეს არის ურთულესი ისტორია,რომელსაც თქვენ ჰყვებით, ბატონო პრემიერო და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში არის ხალხი, რომელსაც პირველი ნაწილში არ სჯერა, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, კარგები არიან - მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომლებსაც შემიძლია ვაჩვენო, შეხედე, ჰილარი კლინტონმა რა თქვა, შეხედე, აქ რა წერია, იქ რა წერია და მაინც მიჭირს იმის დამტკიცება, რომ ვუთხრა, „რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით“. ასე თუ გჯერა, მაშინ, უკვე შემდეგი ყველაფერი არის - იწყებ ფიქრს, რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა, რა აქვთ ტვინში, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავართ, მარსზე ხომ არ მიმაფრენენ, რა ხდება. ამაზე იყო, რაც მე ვთქვი - მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როდესაც ამ ისტორიას ჰყვებით, ეს პირველი ნაწილი კარგად უნდა იყოს ახსნილი“ , - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ამასთან, რუხაძის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ "უნდა იყონ ფხიზლად" , რათა შეცდომები არ იყოს, მაგალითად კი დაასახელა პრემეიერ-მინისტრის ნოემბერში გაკეთებული განცხადება.

"მე ვთქვი, უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ არ გააკეთოთ შეცდომები. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც ნოემბერში გაკეთდა, ერთ საათში გიწევს იმის შეცვლა, ახსნა, ამდენი ხანია, რა თქვა ამ განცხადებაში პრემიერმა, იმას ვისმენთ - ეს არ შეიძლება. იმდენად დაძაბული, რთული სიტუაციაა, იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად", - განაცხადა რუხაძემ „იმედთან“.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა