ეკა გიგაური - მოვუწოდებთ შსს-ის თანამშრომლებს, გაემიჯნონ აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ძალადობას - ეს არ ჯდება არც ქართველობაში, არც ვაჟკაცობაში და არც ჩვენს კანონმდებლობაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს, სპეცრაზმის მხრიდან საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსის მუქარის ფაქტებს გაემიჯნონ.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები არ ჯდება არც ქართველობაში, არც ვაჟკაცობაში და არც ჩვენს კანონმდებლობაში.

გარდა ამისა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები: თეკლა ჯავახაძე, ცოტნე მესხიშვილი, ლაშა ბერაძე, ნუგზარ ტურაშვილი, ცრუ მოწმეები არიან და სასამართლოს პროცესების დროს იტყუებიან.

„მართალი გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში მსგავსი ბრიფინგის ჩატარება მოგვიწევდა. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ ასეთი პატივისცემაა, პოლიციას შეუძლია, მსგავსი ქმედებები განახორციელოს ქალების წინააღმდეგ და ასეთ მუქარებს ჰქონდეს ადგილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულ თანამშრომლებს, გაემიჯნონ მსგავს ქმედებებს. ეს არ არის, მეგობრებო, ვაჟკაცობა, ეს არაფერში არ ჯდება. ეს არის დარღვევა ჩვენი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების. როდესაც ქალების სადღეგრძელოს დალევთ, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი რამდენიმე კოლეგა მსგავს ქმედებებში იყო ჩართული და ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდა ქალებს. ამიტომ გაემიჯნეთ დროზე ამ ძალადობას და მსგავს ქმედებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ - ეს არ ჯდება არც ქართველობაში, არც ვაჟკაცობაში და რა თქმა უნდა, არც ჩვენს კანონმდებლობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბრიფინგს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება და იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში. განსაკუთრებით პოლიციელების, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, ოთხი ადამიანის დასახელება გადაწყვიტეთ. ერთი არის თეკლა ჯავახაძე, რომელიც ჩართული არის მაია გოგიძის საქმეში. ასევე ცოტნე მესხიშვილი - არის ჩართული მაია გოგიძის საქმეში. ლაშა ბერაძე, შსს-ს თანამშრომელი, რომელიც არის ჩართული ალექსანდრე დემიანენკოს საქმეში და ნუგზარ ტურაშვილი, რომელიც ჩართულია ირაკლი ფიფიას საქმეში. ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმეა და იტყუება სასამართლოს პროცესების დროს,“ - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსის მუქარის ფაქტების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, „აქციებზე დაკავებული ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები