ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის მიერ დასანქცირება ნიშნავს, რომ გარიყული ხარ, ხელს არ ჩამოგართმევს არავინ ნორმალური ამ ცივილიზებულ სამყაროში, ფოტოზეც არავინ არ გამოჩნდება შენთან ერთად

აშშ-ის მიერ დასანქცირება ნიშნავს, რომ გარიყული ხარ, ხელს არ ჩამოგართმევს არავინ ნორმალური ამ ცივილიზებულ სამყაროში, ფოტოზეც არავინ არ გამოჩნდება შენთან ერთად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ აქციაზე განუცხადა, ნებისმიერი ასეთი სანქცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ქვეყნისთვის კარგი არ არის.

„ეს ქვეყნისთვის კარგი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ნებისმიერი ასეთი სანქცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს, თუმცა მე არ მგონია, რომ რა რეალობაც ახლა არის ქვეყანაში შექმნილი, ამას კიდევ რაღაც ჩრდილი მიადგეს დამატებით, ისედაც ქვეყანა ვართ, სადაც ძალაუფლება უზურპირებულია რუსული ძალის მიერ, რომელმაც არჩევნები მოიპარა. სულ რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ახალგაზრდები აწამეს, ამიტომ იმიჯი ისედაც შელახულია. ივანიშვილსა და მისი გარემოცვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან მწარე იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი