ლევან დავითაშვილი - გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის

გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021-2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2023 წელს კი რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა.

„მაღალი ეკონომიკური აქტივობა მიმდინარე წელსაც გრძელდება - იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 10% იყო. ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 6%-ს გაუტოლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები.

მისი შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სიღარიბის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციებს.

მისი განცხადებით, 2023 წელს უმუშევრობის დონე 16.4%-მდე შემცირდა, 2024 წლის სამ კვარტალში საშუალოდ 13.8% შეადგინა, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა კი საშუალოდ 77 ათასით გაიზარდა.

მინისტრის თქმით, 2023 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - 2023 წელს ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში 1.3%-ს გაუტოლდა.

მინისტრის ინფორმაციით, 2024 წელს ინფლაცია კვლავ მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს.

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ყველა კომპონენტში. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება ძალისხმევა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისების და წარმოებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას.

ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ისეთ მსხვილ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვისებრივ გაუმჯობესებას - მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ინვესტიციები განახლებად ენერგიაში.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციის, პირველი ტექნოლოგიური ჰაბის, ევროკავშირთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლის ხელშეწყობის, ინტერნეტიზაციის, გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების, შიდა აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებისა და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

„მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება მარეგულირებელი ფუნქციის მქონე გენერაციის პროექტების განვითარება - მომდევნო 4 წელიწადში დაგეგმილია 3 500 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ხოლო 2030 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 მეგავატს გადააჭარბებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში" კახეთში გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს