პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს - არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის - მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა შესაბამის ძალასთან ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს პრიორიტეტი მიანიჭოს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის, საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება, მოუთმენლად ველი, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას წერილშია ნათქვამი, რომელსაც იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უგზავნის, რომლის ინგლისურ ვერსიას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესების ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს.

„საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჩემი წინა მიმოწერის შემდეგ, ბოდიშის მოხდით უნდა გაცნობოთ, რომ ვიზიტი, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, 8-10 იანვარს ვერ შედგება. ეს გადაწყვეტილება არსებული გარემოებების გულდასმით განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაშია ხაზგასმული და როგორც გუშინ, პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციულად იქნა განხილული, საქართველოს საარჩევნო პროცესების ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს. ხარვეზების აღმოსაფხვრელად ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი რჩება და მათი განხორციელების მიზნით ჩემს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვიმეორებ“, - წერს პია კაუმა.

მისი თქმით, „დაგეგმილი ვიზიტის მიზანი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეკომენდაციების შესახებ მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ხელშეწყობა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად ეუთო-ს ერთგულების ხელახალი დადასტურება იყო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის მზადყოფნას ჩემს დელეგაციასთან თანამშრობლობისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის, რაც აუცილებელია რეალური პროგრესის მისაღწევად, ხელსაყრელი არ არის. თუმცა, ოდირის რეკომენდაციების განხორციელების მხარდაჭერის და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ჩვენი ძალისხმევა მტკიცეა. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება“, - ნათქვამია წერილში.

პია კაუმა საქართველოს ხელისუფლებას ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა შესაბამის ძალასთან ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს პრიორიტეტი მიანიჭოს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამ მცდელობებში დახმარებისთვის მზად არის და მზად ვართ უახლოეს მომავალში ეს საკითხი ონლაინ შეხვედრაზე განვიხილოთ“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე