არჩილ გორდულაძე - სანქციები გამოყენებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს

სანქციები, სამწუხაროდ, ახლა გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ, „გამოყენებულია, როგორც მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ „ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც დასანქცირებულ ადამიანებს მოუვიდათო“.

„სანქციები, სამწუხაროდ, ახლა გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს. ეს სანქციები გამოყენებულია, როგორც მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ „ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც დასანქცირებულ ადამიანებს მოუვიდათო“. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ანალოგიურად დასანქცირდა უნგრეთში პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი. თითიდან გამოწოვილი რაღაც მიზეზით, მხოლოდ იმიტომ, რომ უნგრეთიც საქართველოს მსგავსად არის თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი გააძლიეროს და არ ემორჩილება „გლობალური ომის პარტიის“, იგივე „დიფ სთეითის“ მიზნებს და სწრაფვებს, თავის ქვეყანაში ამ ყველაფერს არ ატარებს. ზუსტად ამისთვის ისჯებიან ეს ადამიანები, მაგრამ რაც არ უნდა სასჯელები გამოიყენონ, დაგვაშანტაჟონ და რაც არ უნდა ეცადონ, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს თუ მოქალაქეებს პასუხი აგებინონ ქვეყნის სიყვარულისთვის, საბოლოო ჯამში, მათი ქმედებები ჩაფლავდება, იმიტომ რომ ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“.

ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის