მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების“ დირექტორს მზია ამაღლობელს, რომელიც გუშინ დააკავეს, სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისინი აპროტესტებენ, გუშინ ღამით, ბათუმში, „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას. აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ჟურნალისტი უკანონოდ არის დაკავებული.

მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის "წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია".

ამასთან, ჟურნალისტებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება არის აღბეჭდილი, „არ არის სრულყოფილი და დამუშავებულია, არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს“.

მედიის წარმომადგენლები ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ასევე, ისინი მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამაღლობელის მიმართ „არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას“.

განცხადებაში ასევე არის მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის მისამართითაც, მზია ამაღლობელის საქმით „დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ“.

„12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს. საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:

შსს-ს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას; შსს-ს ბათუმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, მისი მხრიდან უკანონო, აგრესიული ქმედებების აღკვეთას; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგსა და შესაბამის შეფასებას“, - წერია განცხადებაში, რომელიც ადგილზე მედიის წარმომადგენლებმა წაიკითხეს.

შსს-ს ინფორმაციით, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი კვლავ დააკავეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები