კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა, არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან და შეურაცხყოფა მიაყენოს - შეურაცხყოფას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება

ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, ის თავს ვერ ჩაღუნავს და უსიტყვოდ ვერ წავა.

„დეპუტატი, თანამდებობის პირი არავის ესხმის თავს. რა თქმა უნდა, ვნახე და არავის ეპატიება, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს. ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თქვენ ცდილობთ დანერგოთ ტენდენცია, თუ ვინმე თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს, ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან „მთავარი არხი“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

„თქვენ ხართ ის ტელევიზია, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ. არ მახსოვს თქვენი ტელევიზიისგან და არც თქვენგან კონკრეტულად, ქალბატონო ჟურნალისტო, დაგეგმოთ ძალადობის თუნდაც ერთი ფაქტი. თუნდაც ის, რომ ელისაშვილი ლაჩრულად, ჩასვრილი მიეპარა მდინარაძეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რა განცხადებები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში, რა სტატუსებს დებდით, თქვენს კოლეგა ჟურნალისტებზე როდესაც ძალადობა ხდებოდა, არცერთი დაგიგმიათ, არცერთს გამოგიჩენიათ კოლეგიალობა, რომ ამ ადამიანების გვერდით დამდგარიყავით. ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი რეალური სახე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ და პოლარიზაციას ემხრობით“,- მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის