არჩილ გორდულაძე აბუ-დაბიში მომხდარზე - როცა ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული - ისეთი რეაგირება იქნება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის!

ყველამ კარგად დაიმახსოვროს, როდესაც ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული - ისეთი რეაგირება იქნება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის! - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ გორდულაძემ აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გორდულაძის თქმით, „გინებასა და დედის შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა ქართველს ექნება“.

„ადამიანებს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განსხვავებული რეაქციები გვაქვს ხოლმე - ზოგს მოთმენის მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს - ნაკლები. როდესაც ოჯახს და საკუთარ დედას გიგინებენ და ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია გექნება. რეაქციის ფორმები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ როდესაც ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული - ისეთი რეაგირება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის.

ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დედის შეურაცხყოფა და გინება პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში ეს ასე არ არის, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. დედის შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა ქართველს ექნება.

საერთოდ, უცხო ადამიანის მშობლებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, მაშინ წამოვენთებით და მაშინ გვაქვს ჩვენ ჩვენი რეაქცია. მოსაწონი და ლამაზი საყურებელია? - არა! არც ის არის მოსაწონი და ლამაზი საყურებელი, როცა ადამიანს დედას აგინებ და ისეთ ბრალდებას წაუყენებ, როგორიცაა სამშობლოს ღალატი.

მით უფრო, ეს მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომელთაც დაფიქრებაც კი ეზარებათ ან ასეთი დავალება აქვთ მიღებული სხვადასხვა პირებისგან.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ სიმშვიდე შეინარჩუნონ, სხვა ადამიანის უფლებებს სცენ პატივი და არავინ არც კი გაივლოს გულში, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, მით უფრო დედა შეაგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა ელოდოს, რომ რეაგირება, რეაქცია იქნება - ზოგს განსხვავებული პასუხი ექნება, მაგრამ პასუხს ყველა მიიღებს!" - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი 12 იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს "რუსი მონა“ უწოდა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ