გიორგი ქადაგიძე - თუ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, გამოიწვევს უფრო დიდ უმუშევრობას, ფასების ზრდას, გაჭირვებული მოსახლეობა უფრო გაღარიბდება, საშუალო კლასი დატოვებს ქვეყანას და ერთი მუჭა ელიტა გამდიდრდება

ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სანქციები ნელა მოდის, მაგრამ [პარტნიორები] ამას ძალიან ფრთხილად უდგებიან, რათა ის მთლიანად სექტორს არ შეეხოს - სამმა ბანკმა, რომლის მეშვეობითაც საქართველო მსოფლიო ფინანსურ სისტემაზეა მიერთებული დირექტივა რომ მიიღონ, რომ საქართველო მაღალი რისკის ზონაში გადაიყვანონ, მეორე დღესვე უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები გაჩერდება და საბოლოოდ, ეს ყველაფერი რიგით ყოფაზე აისახება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს არ უნდათ სანქციები ქვეყანაზე გავრცელდეს და რიგითი ადამიანები დაზარალდნენ.

„ზოგადად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვებისთვის, გაცილებით მარტივია, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ, ამას არ აკეთებენ. მათი ყველა განცხადება იწყება სიტყვებით - „მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროატლანტიკური კურსის მიმართ“. საერთაშორისო პარტნიორებს არ უნდათ სანქციები ქვეყანაზე, რათა რიგითი ადამიანები არ დაზარალდნენ, სანქციების შედეგი მათ მინიმალურად შეეხოთ და დაზარალდეს და დაისაჯოს უშუალოდ ის ჯგუფი, ვინც დამნაშავეა წამებაში, ადამიანის უფლებათა ხელყოფაში. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სანქციები ნელა მოდის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ადამიანი უკვე დასანქცირებულია, ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ეს მთლიანად სექტორს არ შეეხოს. სულ სამი ბანკია - ორი ამერიკული და ერთი ევროპული, რომლის მეშვეობითაც საქართველო მსოფლიო ფინანსურ სისტემაზეა მიერთებული. ამ სამმა ბანკმა რომ მიიღოს დირექტივა, ან ერთი განცხადება გაკეთდეს: „საქართველო მაღალი რისკის ზონაში გადაიყვანეთ“, ჩათვალეთ, რომ მეორე დღეს უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები გაჩერდება, ინტერნეტ გამოწერები გაიჭედება, კვირები დასჭირდება ტრანზაქციებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკურ ბრუნვაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე და ადამიანების შემოსავლებზე, რიგით ყოფაზე.

თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია - ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, ახალი არჩევნები, არის თანამედროვე, ევროპის და თანამედროვე სამყაროს მიერ განმუხტვის ერთადერთი მექანიზმი. ეს არ არის მეორედ მოსვლა, დახვრეტა, კატასტროფა - რიგგარეშე ახალი არჩევნები არის ცივილიზებული სამყაროს მიერ გამოცდილი, ნაცადი ფორმა, რომ როდესაც ღრმა პოლიტიკური კრიზისია, ის არ გადაიზარდოს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ კრიზისში და კოლაფსში, რაც შეიძლება გველოდოს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ამასთან, ქადაგიძე საუბრობს იმ ეკონომიკურ შედეგებზე, რაც საქართველოში დადგება, თუ ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა. მისი თქმით, ქვეყანაში კონკურენცია შეიზღუდება და უცხოურ ვალუტაში შემოდინებები არ იქნება, რაც კიდევ უფრო დიდ უმუშევრობასა და ფასების ზრდას გამოიწვევს.

„კონკურენცია შეიზღუდება, შემოსავლები და უცხოურ ვალუტაში შემოდინებები არ იქნება, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ უმუშევრობას, ფასების ზრდას. გაჭირვებული მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო კლასი დატოვებს ქვეყანას და მცირე, ერთი მუჭა ელიტა გამდიდრდება - არა მხოლოდ საქართველოში, ეს არის ოლიგარქიული მოდელი ყველგან. დღეს უკვე საცალო ვაჭრობის ობიექტები გრძნობენ ამას, ტურისტული ობიექტები, სასტუმრო და სარესტორნო სექტორი. რესტორნები, პრაქტიკულად იკეტება. ხვალ უძრავი ქონების სექტორი იგრძნობს ამას, ბინებს ქვეყანაში აღარავინ იყიდის. რუსი ინვესტორებისთვისაც საქართველო საინტერესოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კარიბჭეა ევროპის, ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაშია და ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხდება დღე დღეზე. თორემ თუ საქართველო კრასნოდარის მხარეა, ეს რუსისთვისაც არ არის საინტერესო ინვესტიცია. კრასნოდარში ინვესტირება რომ უნდოდეს, წავა და კრასნოდარში და ჩელიაბინსკში გააკეთებს. ამიტომ, სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს მოდელი, სადაც ოლიგარქია, იზოლაცია გაქვს, მტრულ დამოკიდებულებაში ხარ მსოფლიო წამყვან ქვეყნებთან და ამავე დროს შენი ეკონომიკა ოდნავ მაინც რამე წარმოადგენს“,- განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, უპირველესად ვისზე აისახება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ქადაგიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტ დარტყმას უპირველესად, საშუალო კლასი იგრძნობს.

„როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად დარტყმას იგრძნობს და გრძნობს საშუალო კლასი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კრიტიკული ოდენობის. ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მეტი სიჯანსაღის მაჩვენებელია, რომ საშუალო კლასი იყოს სტაბილური და საზოგადოების დიდი ფენა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ასე არ არის, მაგრამ როგორც ყოველთვის კრიზისი მათ პირველი ეტყობა. ძალიან მდიდრებს ყველაზე ნაკლებად ეტყობათ, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულები კი იმდენად შეჭირვებულები არიან, რომ სოციალურ შემწეობებს იღებენ და ფაქტობრივად, თვიდან თვემდე საკუთარი ოჯახის გამოკვებაზე არიან“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს