ევროპარლამენტარები - „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს - მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს - შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

ამასთან, განცხადებაში ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” „თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას“ , ასევე მოწოდებაა შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო.

წერილის ხელმომწერები არიან: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებისთვის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე ანტონიო ლოპეზ-ისტურის უაითი.

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე. შოკირებული ვართ ამბებით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძალადობრივად თავს დაესხნენ ბათუმის სასტუმროში და შემდგომ საავადმყოფოში მკურნალობდა. ეს “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული მზარდი ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში დემონსტრაციებს მართავენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, და ამ არჩევანს ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ.

უარესობისკენ მიმავალი ვითარება საქართველოში პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. იმ პოზიციაზე ვართ, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალოე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ნების ერთადერთი ნათლად ლეგიტიმური წარმომადგენელია. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ვინაიდან ის თაღლითური იყო და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ სცემდა პატივს. ამ ორგანოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ. მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.

ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას და ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. სასწრაფოდ მოვუწოდებთ ვადამდელი არჩევნებისკენ, რომლებიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოაჩენს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა