თინა ბოკუჩავა - დაგვადონ ხელბორკილები - მონების არავის ეშინია!

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვსაუბრობდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი, ბუნებრივია ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს, რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი, ამიტომ დაუწესეს სანქციები და ამიტომ საუბრობს ბრიტანეთი მის სანქცირებაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში მის ვიზიტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის სანქცირებას უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ბლოკავს და ევროკავშირმა ა დიპლომატია უნდა გამოიყენოს, რომ ორბანმა ბიძინა ივანიშვილთან სიტუაციურ თანამშრომლობაზე უარი თქვას.

„ევროპის სახალხო საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ, რომელიც საფუძვლად, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციას დაედება, რომელშიც საუბარია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ასევე საუბარია იმაზე, რომ არ მოხდეს არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში „რუსული ოცნების“, ე.წ. არალეგიტიმური დეპუტატების ცნობა, ასევე საუბარია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მეოთხე წელია ციხეში იმყოფება. რეზოლუციაში საუბარია ასევე ახალ არჩევნებზე, რადგან ახალი არჩევნები ერთადერთ გზად განიხილება, მძიმე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მათ ვუთხარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. მოლაპარაკებების გახსნიდან მოლდოვა 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდა, ახლა მოლაპარაკებები გახსნილია უკრაინასთან, მოლდოვასთან, რომელსაც 2 მილიარდამდე ევრო უკვე გამოუყვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის, მათ შორის ფინანსურ დახმარებაზე ამბობს უარს საქართველო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი, ბუნებრივია, ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს, რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე კი სრული კონსენსუსი. ვიქტორ ორბანი ვეტოს უფლებას იყენებს, შესაბამისად, ამ კონსენსუსს ბლოკავს. ახლა მნიშვნელოვანია დიპლომატია, რომ ვიქტორ ორბანმა სიტუაციური ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან დათმოს, საერთო ევროპული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ბრიტანეთის მხრიდან აშშ-ს მსგავსი რეაქციები ვიხილოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, ის ვეღარ მოაგვარებს ამ პრობლემებს.

ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ივანიშვილს დარჩა, მაგრამ არ ესმის, ეს არის ახალი არჩევნები. ის კარგად არ იცნობს დასავლურ სამყაროს. არ იცის, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მას ეგონა, რომ რიტორიკის დონეზე იქნებოდა სანქციებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, მას აჯერებენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება აშშ-ს მიერ სანქცირების პოლიტიკის გადახედვა. სინამდვილეში კი პირიქით, აუცილებლად უნდა მოხდეს ე.წ. ბიზნესის, ბიძინა ივანიშვილთან შეზრდილი კრიმინალურ ჯგუფად ქცეული პირების სანქცირება - ფხაკაძეები, რუხაძე, რომელიც მთავარი დეზინფორმატორია და ქვეყანას ძირს უთხრის თავისი „იმედით“, არ უნდა დასანქცირდეს? ამ თემაზე მქონია საუბარი აშშ-ში, მაგრამ არგუმენტი იყო, რომ ის აშშ-ს მოქალაქეა და მის წინააღმდეგ „მაგნიტსკის“ აქტის გლობალური გამოყენება ვერ მოხდება, მაგრამ აქ შემოდის დიდი ბრიტანეთი და „იმედთან“ დაკავშირებული კომპანიები იქ არის რეგისტრირებული“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, 2012 წლიდან ხედავდნენ, თუ როგორ ადგებოდა ბიძინა ივანიშვილი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გზას.

„ჩვენ 2012 წლიდან, რაც ოპოზიციაში ვართ ვხედავდით, რომ საბოლოო თამაში ბიძინა ივანიშვილის იანუკოვიჩის გზა იქნებოდა, დასავლეთში კი მრავალი წლის განმავლობაში ეჭიდებოდნენ იმ იდეას, რომ მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად არ იყო პრორუსი. რომ ყოფილიყო დასავლეთის ცხადი რეაქციები ადრე, როგორიც ახლა, მათ დეზინფორმაციებს გაცილებით კარგად შევებრძოლებოდით“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკოსი, ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რაც საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი, “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია - ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, მათ ქვეყანა იზოლაციაში შეიყვანეს...

დაგვადოს ხელბორკილები, მე პირადად და პარტიის არცერთ წვერს არ ეშინია, ყველაფერი გამოვიარეთ 12 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ლიდერი არ დარჩენილა, რომლის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა ან საქმე არ აღძრა ან არ დაიჭირა ან არ დაემუქრა, ამ ქვეყანაში ივანიშვილის - პუტინის მონის - და შემდეგ მისი მონების არავის ეშინია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში