ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანი ჩვენთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება

აზერბაიჯანი ჩვენთვის არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ამ კუთხით ეკონომიკურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესკონფერენციაზე კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალური წვლილის შეტანის თაობაზე ქართული მხარის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„უღრმესი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო პირველ რიგში, გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ასევე, არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი. სამაგალითოა ის, თუ როგორ ზრუნავთ აზერბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის.

დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს იყო ნაყოფიერი, პროდუქტიული შეხვედრა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრის მაღალი დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. სწორედ ამ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, ასევე განვიხილეთ რეგიონში გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი შეხვედრაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ