ქვეყანა ისევ დაუცველია არაკეთილსინდისიერი მოხელეების მხრიდან თანხის გაფლანგვის შესაძლებლობისაგან, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს ბიუჯეტის კონტროლის საკითხთან დაკავშირებით.
სოფო ხორგუანს მაგალითად მოჰყავს ახალციხის მერიის მიერ ავარიული შენობის რეაბილიტაცია-დემონტაჟი, რაშიც 300 000 ლარამდე დახარჯა და მისი შეფასებით „წყალში გადაყრილი ფულია“.
როგორც ხორგუანი აღნიშნავს, ახალციხეში მდებარე კლუბის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდეგ დემონტაჟში ახალციხის მერია 227 918 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ თანხაში არ შედის შენობის სამხარაულის ექსპერტიზისა და დემონტაჟის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის ღირებულება. მისივე თქმით, მერიამ თითქმის 300 000 ლარამდე დახარჯა პროექტზე, რომელიც ვერ შესრულდა.
“მოგეხსენებათ, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, ასევე საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების დაცვის, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება.
თავის მხრივ, საჯარო ფინანსების სამართლიანი ხარჯვა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, საქართველოს ასეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, თითოეული თეთრის სწორად, მიზანმიმართულად, გააზრებულად, მომჭირნედ და ადამიანების უმრავლესობის საკეთილდღეოდ (და არა ერთეულების პირადი ინტერესების გათვალისწინებით) ხარჯვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის პროცესში თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, სამსახურის არსის, სტატუსის, მიზნებისა და პრინციპების ადეკვატური გააზრება, პერსონალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება, სამართლისა და კანონის უზენაესობის სტანდარტის დამკვიდრებისაკენ სწრაფვა, სახელმწიფო ინტერესების უმთავრეს, პრიორიტეტულ ინტერესად მიჩნევა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ, სამართლებრივ, ეფექტური მმართველობის და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
სამწუხაროდ, არსებული მოცემულობით ვერ დასტურდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქმიანობის მითითებული სტანდარტებით განხორციელება. კერძოდ: პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალციხის მერიამ ავარიული შენობის რეაბილიტაცია-დემონტაჟზე 300 000 ლარამდე დახარჯა, რაც რეალურად წყალში გადაყრილი ფულია. უფრო კონკრეტულად: ახალციხეში, რუსთაველის N124-ში მდებარე კლუბის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდეგ დემონტაჟში ახალციხის მერია 227 918 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ თანხაში არ შედის შენობის სამხარაულის ექსპერტიზისა და დემონტაჟის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის ღირებულება. მერიამ თითქმის 300 000 ლარამდე დახარჯა პროექტზე, რომელიც ვერ შესრულდა. შედეგად კი გამოცხადდა ახალი ტენდერი 4 970 158 ლარზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი და ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის, როდესაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადოდ დაგეგმვის, სამუშაოების უხარისხობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი იქნა იგივე დარღვევები, არაფერი შეცვლილა დღემდე. ქვეყანა ისევ დაუცველია არაკეთილსინდისიერი მოხელეების მხრიდან თანხის ანალოგიურად გაფლანგვის შესაძლებლობისაგან. სტაბილურადაა შენარჩუნებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობაც: 2022 წელს - 24 მლნ. ლარი; 2023 წელს - 21.2 მლნ. ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მომაწოდეთ ინფორმაცია: გაქვთ თუ არა შესწავლილი ახალციხეში კლუბთან დაკავშირებული ეს კონკრეტული საკითხი, თუ შეისწავლეთ რა რეაგირება მოახდინეთ მასზე (თუ არ შეგისწავლიათ, დაუყოვნებლივ დაიწყეთ შესწავლა), გადაეცით თუ არა შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, მოითხოვეთ თუ არა ინფორმაცია, თუ რამდენად მოხდა თქვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება. ასევე მოგიწოდებთ, განახლებული ინფორმაცია განათავსოთ ვებ-გვერდზეც და ხელმისაწვდომი გახადოთ თითოეული დაინტერესებული ადამიანისათვის“, - აღნიშნავს ხორგუანი.