გიორგი გახარია - თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება - თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს

თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია აცხადებს, მას არ აინტერესებს შემსრულებლები, რადგან მას საქმე აქვს მასზე „თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.

მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.

რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“,- აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა