კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მსურს, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომ თურმე, ბოლო 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაზარდეს.

მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკა? ეს არის ყველა ბიზნესის ჯამი, ანუ საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბიზნესის ჯამს. ეკონომიკას ხელისუფლება კი არ ზრდის, არამედ ბიზნესი და ბიზნესმენები ზრდიან და აშენებენ. ხელისუფლებას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ან პირიქით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბიზნესის, ანუ ეკონომიკის შემცირებას, რაც ხდება ახლა.

თუკი 2012 წლიდან ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება არამარტო დაბალი გადასახადები და მარტივი სახელმწიფო ბიუროკრატია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც ბიზნესს ნდობა გაუჩინა საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, დღეს ამ ყველაფერს ხელისუფლება თვითონვე ანგრევს, როგორც საგარეო მიმართულების ცვლილებით, ისე განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით - იქნება ეს საინფორმაციო დარტყმები, თუ ბიზნესის შემზღუდავი და მარწუხებში მომქცევი კანონების მიღება. ამაშივე შედის სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ანდა სასამართლოს გარეშე ბიზნესის დასჯის მექანიზმები და ა.შ.

ამ სიტუაციაში გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია. გამოსავალია ახალი არჩევნები და ჭეშმარიტად დემოკრატიული მიდგომების დანერგვა საზოგადოებაში, მათ შორის. ბიზნესში, ე.ი. ეკონომიკაში.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემოტრიალება!“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება