ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2025

თენგიზ ფხალაძე - “ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში"

ივანიშვილის “მძიმე არტილერია” სტრასბურგში - რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი

მირიან მირიანაშვილი - “ტრამპი მისი ყურადღების საქართველოსკენ მოტრიალების პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”

არის თუ არა თბილისის პროტესტი გლობალური პოლიტიკური პროცესის ნაწილი - რა ხდება სლოვაკეთსა და სერბეთში

დავით ზურაბიშვილი - “ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ისეთს, რომელსაც ენდობა”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში"

“ტრამპი იმ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს ბუნდოვანებისთვის. შესაბამისად, მისი ნაბიჯები იქნება უფრო მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში უფრო ხისტიც, ვიდრე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ცხადია, გაძლიერდება კონსერვატიზმი, რაც უპირველესად შეეხება როგორც სოციალურ, ისე მიგრაციულ პოლიტიკას. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მან უკვე წარმოაჩინა, რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთსა და რუსეთთან. მას სურს ისტორიაში შევიდეს პრეზიდენტად, რომელიც კიდევ უფრო ძლიერ ამერიკას დატოვებს. ტრამპი გეგმავს ომების დასრულებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზად არის დაასრულოს ნებისმიერი პირობით - მას სურს ომი დასრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და ამასთანავე, დაცული ამერიკის და საზოგადოდ, დასავლური სამყაროს ინტერესები”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპის დღის წესრიგში საქართველო პირველი არ არის, მაგრამ...”

“მნიშვნელოვანი იყო მისი პირველი გზავნილები კრემლისა და პუტინისთვის, რაც ვფიქრობ ქართველი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. ის, რომ ტრამპს პირველი კომუნიკაცია არა რუსეთის, არამედ ჩინეთის ლიდერთან ჰქონდა, მიანიშნებს, თუ რა ადგილი უკავია მის იერარქიაში ჩინეთს და რა - რუსეთს. მან განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის ჩინეთმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რუსეთზე. ტრამპის პირდაპირი გზავნილი კი პუტინისთვის იყო, ბოლომდე არ დაანგრიო და მოსპო რუსეთის სახელმწიფოო. ტრამპი იქნება კიდევ უფრო მომთხოვნი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის პარტნიორებთანაც. ცხადია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი უფრო წინ წამოიწევს. ამაზე პირველი პრეზიდენტობის დროსაც ლაპარაკობდა, მოუწოდებდა პარტნიორებს, რომ შეესრულებინათ ნატოს სტანდარტი და მშპ-ს 2% მიემართათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. დღეს გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ცხადია, 2% საკმარისი არ იქნება და ის პარტნიორებისგან უფრო მეტს მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“მისთვის ასევე პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი, ის უფრო გააძლიერებს ისრაელთან ურთიერთობას. ის ბრძოლა, რომელიც მან გამოუცხადა საერთაშორისო დანაშაულებრივ და ნარკოკარტელებს, მათი ტერორისტულ ორგანიზაციებთან გათანაბრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ასევე მოსალოდნელია ე.წ. არადემოკრატიულ-არამეგობრულ მეზობელ ქვეყნებზე წნეხის გაძლიერება. ყოველივე ეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ამ თვალსაზრისით ტრამპი ხისტი და შეუვალი იქნება. ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, თუ რა მოთხოვნები ექნება რუსეთთან. საინტერესოა რუსეთის რიტორიკის ტრანსფორმაციაც. თავიდან ჩვენ გვესმოდა პესკოვის, მედვედევის აგდებული განცხადებები, რომ ტრამპის აზრი არ აინტერესებდათ, თუმცა ინაუგურაციის პარალელურად პუტინმა დანიშნა უშიშროების საბჭო, რომელზეც თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვის, ანუ აშკარად შეიცვალა მათი ლაპარაკის ტონი. სი ძინპინთან ლაპარაკის შემდეგ პუტინის ტონი კიდევ უფრო შერბილდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა, არ დაანგრიოს რუსული სახელმწიფო, ილაპარაკა ახალი სანქციების შესაძლებლობასა და ნავთობის ფასის მიზანმიმართულ შემცირებაზე, პასუხად კრემლისგან კვლავ მოვისმინეთ, რომ დიალოგისთვის მზად არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეტიც, პუტინმა ტრამპის ქებაც არ დაიშურა. ცხადია, ყოველივე ეს პოზიციების მოსინჯვაა, რაც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებების გაცვლა-გამოცვლით. ცხადია, პუტინი შეეცდება ზეწოლა გააძლიეროს უკრაინაზე, რათა მოლაპარაკებისას უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. იმავდროულად, ტრამპიც ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს, რისი დამსახურებაც არის, მაგალითად, ის, რომ ორბანი, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გამო რუსეთის სანქცირებას, დღეს იცვლის პოზიციას. ასე რომ, პუტინისთვის არ იქნება ადვილი ტრამპთან ლაპარაკი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხიც - ჩვენ, ძირითადად, ვლაპარაკობთ ტრამპის განცხადებებზე, მაგრამ ამერიკა არ არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა. როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სენატისა და კონგრესის განცხადებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება”, - განმარტავს ექსპერტი.

“ასევე ძალიან საინტერესო იყო მარკო რუბიოს პოზიცია სენატში, როდესაც მას სახელმწიფო მდივნად ამტკიცებდნენ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. მან თქვა, ცეცხლის შეწყვეტა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია იმგვარი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომ ახალი ომი აღარ დაიწყოსო. ეს დამაფიქრებელია და გვაძლევს იმედს, რომ ახალი ადმინისტრაციის ძალიან საინტერესო ნაბიჯებს ვნახავთ იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაზეც ლაპარაკობს ტრამპი და ქვეყნის პოლიტიკური ელიტა. ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, ამერიკის ინტერესებს ყოველთვის უპირველეს ადგილას დავაყენებო. შავი ზღვის რეგიონი გეოგრაფიულად შეიძლება შორს არის შტატებიდან, მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ცდილობს შავი ზღვა იყოს ერთგვარი წყალგამყოფი, რომელზეც ახალი რკინის ფარდა დაეშვება და კრემლი, ასე ვთქვათ, თავისი გავლენის სფეროებს მოიზომავს, რისი დაშვებაც პრინციპულად მიუღებელია ამერიკისთვის. დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერება ნიშნავს მომავალში დიდ საფრთხეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო უარესი შედეგები მოიტანოს, რადგან შავი ზღვის რეგიონს გავლენა აქვს ევროპაზეც, აზიაზეც და ახლო აღმოსავლეთზეც”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა. ერთი არის რეგიონული კონტექსტი, უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რომელსაც უკავშირდება უსაფრთხოების თემა, უკრაინის ომი, რომელიც ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ა.შ.; მეორე არის ინტერესი იმ შუა დერეფნის მიმართ, რომელზეც საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობენ რუსეთიც და ჩინეთიც. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯებმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ირანის, ჩინეთის თუ რუსეთისკენ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს საკითხის აქტუალიზება ტრამპის ადმინისტრაციაში. კიდევ ერთი საკითხია საქართველოში მიმდინარე პროცესები. რაც არ უნდა ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ”, ამერიკისთვის დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია...” - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ის პროცესი, რაც ახლა მიდის კონგრესსა და სენატში საქართველოს საკითხზე, თან პროცესი ძლიერი პოზიციების მქონე რესპუბლიკელებს მიჰყავთ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში. იქ იმაზე კარგად იციან ქართული რეალობა, ვიდრე თბილისში ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ასეთია მარკო რუბიო, ასევე ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ახალი ადმინისტრაციის რეაქცია იქნება უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციისას, ტრამპი გაცილებით მტკიცედ და მკაფიოდ მოქმედებს. შეხედეთ, როგორი განაცხადი გააკეთა რუსეთზე, თუ არ დამთანხმდებით ომის დასრულებას, მაშინ მე გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება თქვენთვისო. პირდაპირ ილაპარაკა ნავთობის ფასის დაწევაზე, უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე და ა.შ. თუ ის რუსეთთან არ ერიდება ასეთ განცხადებებს, რატომ მოერიდება ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”?! - დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე - “მაგრამ თუ არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, არამედ ქვეყანაც მოექცა მძიმე სანქციების ქვეშ, რა ელის საქართველოს?” - პასუხობს:

“ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლებაში იმ ძალის ყოფნა, რომელთანაც პარტნიორებს ურთიერთობა არა აქვთ, უკვე პრობლემურია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლის რესურსებიც ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოებისაც. როდესაც ვართ ამ უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც ამერიკა და ევროკავშირია. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იმავე ჩინეთისთვის, საქართველო საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა დასავლური ინსტიტუტების დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მხარდაჭერა ჩანაცვლდება სანქციებით, მაშინ ჩვენ ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობას რამენაირად დააბალანსებს “ოცნება” სხვასთან ურთიერთობით... ეს პირდაპირ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის პირისპირ დარჩენა. რა მოელის ასეთ შემთხვევაში საქართველოს, არა მგონია, არ გვესმოდეს. ამიტომაც არის ასეთი საშიში ეს კრიზისი და ის ნაბიჯები, რასაც “ოცნება” ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებისკენ დგამს”.

ივანიშვილის “მძიმე არტილერია” სტრასბურგში - რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი

“27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება, სადაც საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. “ქართულ ოცნებაში” ელიან, რომ სესიის დროს იქნება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს შეიძლება გამოიხატოს საქართველოს დელეგაციისათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, თუმცა ფიქრობენ, რომ ამაზე, შესაძლოა, წულუკიანის ფაქტორმა იქონიოს გავლენა, რომელსაც გარკვეული კონტაქტები აქვს სტრასბურგში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სესიას ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია წელსაც ჩვეულებრივ დაესწრება და შესაძლებელია, განიხილონ ქართული ოპოზიციის “ექსტრემისტული ტონით გაგზავნილი წერილიც ევროსაბჭოში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” სტრასბურგში თავის “მძიმე არტილერიას” გზავნის - რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი.

“მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები. ჩვენ ახლაც, დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია, და რა თქმა უნდა, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. “ოცნების” დეპუტატი, გივი მიქანაძე ვარაუდობს, რომ იქნება მცდელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოში შეუზღუდონ. “როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ფაქტია, “დიპ სტეიტისთვის” მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა და ყველა მიმართულებით ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები გააქტიუროს”, - განაცხადა მედიასთან მიქანაძემ. ოპოზიციაში კი ხაზგასმით, ამბობენ, რომ სტრასბურგში კიდევ ერთხელ გაჟღერდება, თუ როგორი სისასტიკით ექცევა ივანიშვილი საკუთარ ხალხს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასამბლეის ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში - საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში. ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას”, - თქვა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ორშაბათის სესიაზე საპარლამენტო ანსამბლეამ შესაძლოა შეუზღუდოს ხმის მიცემა საქართველოს დელეგაციას”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ არის გამორიცხული საქართველოს დელეგაცია შემდეგ სესიებზე არც მიიწვიონ. დიდი ალბათობით, ხმის მიცემას შეუზღუდავენ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მას აქვს ევროსასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომ შესაძლებელია ძველი კონტაქტები ჰქონდეს შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ხანია დაბრუნდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ის ცდილობდეს ამ კონტაქტების გამოყენებას, რათა ევრსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმე არ იყოს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას იღებენ არა მხოლოდ კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორიცაა გენერალური სამდივნო, მინისტრთა კომიტეტი, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები, მათი უმრავლესობა კი დემოკრატიული ქვეყანაა. ვფიქრობ, ხმის მიცემის საკითხს დროებით მაინც შეუზღუდავენ. ასეთი პრაქტიკაც არსებობს ევროპის საბჭოში. მაგალითად, თავის დროზე რუსეთს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება და დღეს ის ევროსაბჭოს წევრიც აღარაა. თუმცა, არ მგონია დღეს საქართველოს აქედან გარიცხვა ემუქრებოდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საქართველოს დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას არ გამორიცხავს რამაზ საყვარელიზეც. “არის იმის შანსი, რომ ხმის მიცემა შეგვიზღუდონ. თუმცა, ვფიქრობ, თეა წულუკიანი ბოლომდე იბრძოლებს და შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. ასე რომ, ბრძოლის საკითხზეა ყველაფერი დამოკიდებული. შეიძლება იქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ ხმის ჩამორთმევა განიხილოს, როგორც სანქცია და გადადგან მკაცრი ნაბიჯები, მაგრამ, აღვნიშნავ, რომ ქართული დელეგაციაც საკმაოდ მომზადებული იქნება. ვფიქრობ, თუკი გამართლდა ოპოზიციის ვარაუდები და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მათ სურთ (თუმცა, ამას გამოვრიცხავ), ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში დააბრუნონ საპროტესტო მუხტი”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით “თუმცა ეს არაფრის მომცემი იქნება და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც მიმდინარე პროცესებზე დიდად გავლენას ვერ მოახდენს”, - დასძენს გამოცემა.

მირიან მირიანაშვილი - “ტრამპი მისი ყურადღების საქართველოსკენ მოტრიალების პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”

“მმართველი კლანის წევრების განწყობები არანაირ ამინდს არ ქმნის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთადერთი პირის მოლოდინი და ის ივანიშვილია. დიახ, ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, მაგრამ მისი მოლოდინი მცდარია. პროცესში ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და უკან მარტივად ვეღარ დაიხევს. ისიც ფაქტია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური გადატვირთვა მიუღწეველია. აქტივისტების, მსახიობებისა და ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებებით ის აშშ-ს მიანიშნებს, რომ უკან არ დაიხევს. მას ეგონა, რომ ტრამპი ლოიალური იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული ლიდერების მიმართ. გარკვეულწილად, სწორიც არის ეს მოლოდინი _ ამერიკელები მართლაც აღარ იქნებიან უწინდებურად კრიტიკული, მაგალითად, ალიევისა და ფაშინიანის მიმართ. მეტიც, ავტორიტარებმა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, მთელ მსოფლიოში ამოისუნთქეს, მაგრამ ამ ბონუსს ივანიშვილი არ მიიღებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ილუზიაა იმის მოლოდინი, თითქოს ამერიკა რუსეთს დაუთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს”.

“ამერიკელები მას მხოლოდ ავტორიტარიზმის გამო კი არა, პრორუსული პოლიტიკური კურსისთვის აკრიტიკებენ და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან შეღავათი არ იქნება. ივანიშვილის მცდარი მოლოდინი კი დიდ საფრთხეს შეუქმნის მასაც და მის პოლიტიკურ გუნდსაც. ამის უტყუარი დასტურია ის, რომ ამერიკულ-შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ივანიშვილმა დიდი თანხა გადაიტანა ამ ბანკში CrediT Suisse-იდან და სხვა ბანკებიდან. ხომ საინტერესოა, რატომ გადაიტანა თავისი ქონება ამერიკულ ელიტასთან ყველაზე დაახლოებულ ბანკში? იმიტომ, რომ სანქციებს აღარ ელოდა. სანქციები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების ორგანიზებისთვის დიდი ფული სჭირდება, განსაკუთრებით პროტესტის ჩახშობისთვის. ძალიან ბევრი სუბიექტის ლოიალურობის ყიდვა სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ივანიშვილს ძალიან ხშირად მოსდის სტრატეგიული შეცდომები, მაგრამ ტაქტიკური ჯადოქარია - ზუსტად შეუძლია ადამიანის ამოცნობა. ყოველთვის კარგად ხვდება, ვინ რაში გამოადგება, ვინ რაზეა წამსვლელი და ვისი გამოყენება შეიძლება. ყველა საკვანძო ფიგურა ადეკვატური ლოიალურობის ინდექსით ჰყავს შერჩეული. მხოლოდ ამიტომ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ამდენ ხანს. თუმცა მისი სტრატეგიული პრობლემები მის ტაქტიკურ შესაძლებლობებთან დისონანსში მოდის, რაც დიდი პრობლემაა მისი ხელისუფლებისთვის. “ქართულ ოცნებაში” რღვევას არ ველი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მალე სხვა ტიპის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - რეპრესიებისა და სისასტიკის ის დონე, რასაც ახლა მიმართავს, ცოტა ხანში საკმარისი აღარ იქნება, სისასტიკისა და რეპრესიების დონის ამაღლების შემთხვევაში კი შესაძლოა ფინანსები აღარ ეყოს სუბიექტების ლოიალურობის საყიდლად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტრამპის ადმინისტრაცია ამგვარად დალაგდა - ჩამოყალიბდა საქართველოს გულშემატკივართა გუნდი: ლინდსი გრემი, მარკო რუბიო, ტედ კრუზი... ეს არის ცნობილი გავლენიანი წრე, რომელსაც ამერიკელებმა საქართველოს “ქეისი” მიანდვეს. სხვათა შორის, ამ დაჯგუფებამ შეძლო და მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასვა. ტრამპის პრიორიტეტი საქართველო ნამდვილად არ არის, მას ამერიკისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს, მაგრამ როგორც კი ლინდსი გრემი და მარკო რუბიო საქართველოს საკითხის აქტუალიზებას შეძლებენ, მაშინ დაქოქილი ტრამპის გაჩერება შეუძლებელი გახდება. ის არ არის ბაიდენი, მოზომილად და რბილი ძალით რომ იმოქმედოს, ტრამპი მოქმედებას პირდაპირ ხისტი ნაბიჯებით იწყებს. შესაბამისად, მისი ყურადღების მოტრიალება პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”. ბაიდენმა არც არჩევნები აღიარა და არც ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ სანქციების დაწესებამდე ოპერატიული პაუზა აიღო. ტრამპი ასე არ მოიქცევა. ის პირველს მეორეს მოაყოლებს და დაიწყება სანქციების კასკადი. სხვათა შორის, რუბიოს გარემოცვისთვის აღარც არის საჭირო მიტინგების გაგრძელება, ქართველებმა უკვე აჩვენეს, რომ არსებულ რეალობასთან შეგუებას არ აპირებენ და ეს სრულებით საკმარისია. ამერიკელები "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას აღარ მისცემენ - გამორიცხულია!” - დაასკვნის ექსპერტი.

“რუბიო ბიძინა ივანიშვილს კარს ღიას დაუტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ძველმა ხელისუფლებამ ახალს გადასცეს ესტაფეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ, სადაც წერია, რომ არჩევნებში მთელი რიგი გადაცდომები იყო, მაგრამ არა ფატალურ მასშტაბამდე, და გვეტყოდნენ, ევროპელებმა ასე გვითხრეს, ამიტომ მოდით, “ქართულ ოცნებას” გამოსაცდელი ვადა მივცეთო. რაკი ეს არ თქვეს, ნავარაუდევია თვისებრივად სხვა რეალობის შექმნა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ უნდა ჰქონდეს და კონფრონტაციისთვის უნდა გაემზადოს. თუ როგორ, ცოტა მოგვიანებით გავიგებთ”, - დასძენს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “შეიძლება ტრამპი მართლა იყოს საქმის კურსში ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის შესახებ, როგორც ოპოზიციონერებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ირწმუნება?” - პასუხობს:

“საქართველოში ძალიან აზვიადებენ კობახიძის ირანში ვიზიტის მნიშვნელობას. ალბათ, არ იციან, რომ ამერიკასა და ირანს შორის კულუარული ურთიერთობაა. არავის ეგონოს, რომ ტრამპი ირანს ომს დაუწყებს, ვაშინგტონში ნამდვილად არის ანტიირანული ფრთა, მაგრამ თეთრი სახლი ძალიან სერიოზულად უყურებს ირანის რეგიონულ როლს კავკასიაში, როგორც თურქეთის შემაკავებელს, შუა აზიაში კი, როგორც ჩინეთის შემაკავებელს, განსაკუთრებით თურქმენეთსა და ტაჯიკეთში. შესაძლებელია ამერიკამ ირანის შემაკავებელი ღონისძიებები გაატაროს, მაგრამ ირანის, როგორც სახელმწიფოს დაქცევაზე, აქცენტს არასოდეს გააკეთებს”.

არის თუ არა თბილისის პროტესტი გლობალური პოლიტიკური პროცესის ნაწილი - რა ხდება სლოვაკეთსა და სერბეთში

“საქართველოში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ანტისამთავრობო მასშტაბური გამოსვლები სლოვაკეთსა და სერბეთშიც დაიწყო. ქართული ოპოზიციის შეფასებით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, ხალხი პრორუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამისად, საქართველოს მოვლენებიც ამ გლობალური პროცესის ნაწილია. რამდენად რელევანტურია ასეთი შეფასება, თუ ეს ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსია “ქართულ ოცნებასთან” მიმდინარე საინფორმაციო ომში? აღსანიშნავია, რომ ასეთი მოსაზრება დასავლეთის პოლიტიკურ წრეებშიც გამოითქმება - უკვე კეთდება განცხადებები იმაზე, რომ პრორუსული ხელისუფლებების წინაშე სახალხო პროტესტმა უკვე ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო და საქართველოს მოვლენებიც ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არის თუ არა თბილისის პროტესტი გლობალური პოლიტიკური პროცესის ნაწილი - რა ხდება სლოვაკეთსა და სერბეთში.

“ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებები კი ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამოსვლები უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს და ქართული ოპოზიცია ცდილობს ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ჩვენთან უწყვეტი პროტესტი მართლაც გლობალური პროცესის ნაწილია, რომელიც რუსულ რეჟიმებთან ბრძოლისკენაა მიმართული. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პროცესი მხოლოდ ამ სამი ქვეყნით არ შემოიფარგლება. მაგალითად, არის საუბარი უნგრეთშიც დაიწყოს პრემიერ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამოსვლები და ასევე ბელარუსშიც, საქართველოში უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე აღარ მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ინიცირებას. მას მერეც და მანამდეც კობახიძე აცხადებდა, რომ პროტესტანტები უცხოური ძალების დაფინანსებით მაიდნის მოწყობას გეგმავენ საქართველოში. პროტესტანტები კი აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სლოვაკეთში ანტისახელისუფლებო მასშტაბური გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიზეზი პრემიერ რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკაა. განსაკუთრებული გაღიზიანება კი რამდენიმე კვირის წინ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია. აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ ბოლო აქციაზე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის გარდა აქციები 20 სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა ბანერებით - “გადადგეს ფიცო”, “სლოვაკეთი ევროპაა”, “სლოვაკეთი რუსეთი არ არის”. რობერტ ფიცომ 23 იანვარს ქვეყანაში “სახელწიფო გადატრიალების საშიშროების გამო” უსაფრთხოებოს საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მანამდე განაცხადა, რომ “სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის “მაიდანში” და და ახლა ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში”. მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი აშშ-დან ფინანსდება და ამჟამად მისი მონიტორინგი მიმდინარეობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული ოცნება” იზიარებს სლოვაკეთის პრემიერის მოსაზრებას, რომ მსოფლიოში და ევროპაში ტენდენცია იცვლება, რომ კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ და ამას გარე ძალები ებრძვიან - “დიპ სტეიტი” და “გლობალური ომის პარტია”. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც ტრამპის ინაუგურაციის მერე განაცხადა: “ჩვენ დავბრუნდით ევროპის მთავარ ქუჩაზე, ჩვენ ახალი მეინსტრიმი ვართ”. პრემიერი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას სლოვაკეთში ექსპერტთა ჯგუფის არსებობაზე “აბსოლუტურად ლოგიკურს” უწოდებს. ქართულ ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში ხალხი პრორუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და რუსეთი თავის საცეცებით მისი მომხრე პოლიტიკური ძალების გაძლიერებას ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ. ამავე აზრისაა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო “იქს”-ზე წერს, რომ თბილისიდან ბრატისლავამდე და ბელგრადამდე ხალხს აღარ შეუძლია რუსი მარიონეტების მმართველობის მოთმენ”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება სერბეთს, ანტისამთავრობო აქციებს ბიძგი მისცა გასული წლის 1-ლ ნოემბერს მომხდარმა შემთხვევამ, როცა ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურზე ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა. პროკურატურამ 13 ადამიანი, მათ შორის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი დაადანაშაულა, თუმცა ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენიათ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის და რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აღმასრულებელი ხელისუფლების მითვისებით კონსტიტუცია დაარღვია. თავად ვუჩიჩი მსგავს ბრალდებებს უარყოფს. სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო 24 იანვარს ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში საპროტესტო გამოსვლები უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს, ოპოზიცია კი ცდილობს საქართველოში განვითარებული მოვლენები გლობალური პროცესის ნაწილად წარმოაჩინოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მე მგონი, ეს უფრო დროში დამთხვევა იყო. საქართველოში პროტესტები გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საპროტესტო აქციები იგივე სლოვაკეთში. აქ გლობალურ პროცესებთან კავშირს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, არიან ევროპაში ძალები, ვისაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლა არ მოსწონთ. მათ ასევე არ მოსწონთ სლოვაკეთის ლიდერის ფიცოს მმართველობა და მისი სტილი. ფიცოს წინააღმდეგ ამჟამინდელი გამოსვლები, როცა მანამდე არაფერი ხდებოდა და ახლა უცებ იფეთქა, არაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად გარედანაც იყოს ინიცირებული.. რამდენადაც ვიცი და მედიაშიც წავიკითხე, რომ პროტესტი, რაც სლოვაკეთშია, არ უკავშირდება სახელმწიფოს პოლიტიკურ კურსს, არამედ სულ სხვა, არაპოლიტიკური მოვლენა გახდა ამ საპროტესტო აქციების გამომწვევი. ამიტომაც რთულია ასეთი კავშირის დანახვა, თუმცა, ოპოზიციას ეს აწყობს, რომ რაღაცნაირად პარალელი გაავლოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი გლობალური პროცესის ნაწილია, რასაც რუსულ გავლენებთან ბრძოლა ჰქვია. “საქართველოში ყოველთვის იყო და მით უმეტეს ახლა ძლიერია რუსული გავლენები. მე უფრო შორსაც წავიდოდი - ბოლო 30 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე მეტადაა გაძლიერებული რუსული გავლენები საზოგადოებაზეც, პოლიტიკაზეც და რა თქმა უნდა, ხელისუფლებაშიც. ასე რომ, პროცესი, რომელიც საქართველოში მიდის, მიდის ევროპაშიც და არა მხოლოდ ევროპაში, ეს გლობალური თემაა. რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენები გააძლიეროს, მათ შორის თავად ევროკავშირში და სწორედ სლოვაკეთი და უნგრეთია ამის დამადასტურებელი ფაქტორები, რომ რუსული გავლენა იზრდება. არანაირი კონსერვატიზმზე აქ ლაპარაკი არაა. თუ კონსერვატიზმში ვინმე იმას გულისხმობს, რომ საბჭოთა კავშირში უნდა დავბრუნდეთ, ეს სხვა თემაა. სხვა მხრივ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ საქართველოში რუსული გავლენა იზრდება და შესაბამისად იზრდება პროტესტიც”, - თვლის ძაბირაძე და ამბობს “ვნახოთ ამას როგორი დასასრული ექნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“უნგრეთსა და სლოვაკეთში ჩატარებული არჩევნები მეტნაკლებად ევროპულ ყაიდაშია მოწყობილი, რასაც ჩვენთან მიმართებაში ვერ ვიტყვით. აქ პრობლემა სამართალთან დაკავშირებითაა, იქ შესაძლოა ეს იყოს იდეოლოგიასთან და გარკვეულწილად ავტორიტარიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთან ეს პირდაპირ უკავშირდება არასამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას. მიუხედავად ყველაფრისა, არც უნგრეთს და არც სლოვაკეთს ევროკავშირიდან გამოსვლა არ სურთ. სამწუხაროდ, როგორც ორბანს, ისე ფიცოს დაავიწყდა - ერთს 1956 წელი (1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში სახალხო აჯანყება დაიწყო) და მეორეს 1968 წელს, როცა რუსულმა ტანკებმა მათ გადაუარეს. ჩვენ არ დაგვიწყებია. 9 აპრილიდან არც ისეთი დრო გასულა და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

დავით ზურაბიშვილი - “ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ისეთს, რომელსაც ენდობა”

“პროტესტი გრძელდება, მაგრამ ხელისუფლება არც იმჩნევს, რომ პროტესტი მასშტაბურია და ცდილობს თავი დააჯეროს, ეს არაფერია, დღეს-ხვალ მორჩება. ჯერ გაიძახოდნენ, 20 იანვარი მოვაო, გავიდა 20 იანვარიც, იმედი აქვთ, რომ ტრამპი და პუტინი მორიგდებიან. ივანიშვილი ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, ცოტა პარადოქსულია და უცნაური ასეთი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ. ეს პოლიტიკოსის საქციელს არ ჰგავს. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოებრიობას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რაღაცას აპროტესტებს, შენ კი მას არ უსმენ და უფრო და უფრო რეპრესიულ კანონებს იღებ. სპეციალურად იღებენ ასეთ კანონებს, აანონსებენ რაღაც ღონისძიებებს. მაგალითად, უმაღლესი განათლების კომისიამ თქვა, პრობლემებია და რეფორმას საჭიროებსო. ამ დროს ეს არის დაანონსება იმის, რომ დაიწყება იდეური წმენდა, პოლიტიკური რეპრესიები უნივერსიტეტებში”, - აცხადებს პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ისეთს, რომელსაც ენდობა”.

“აქამდე შედარებით თავისუფალი იყო აკადემიური სივრცე, წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან, მაგრამ ახლა ჩათვალეს, რომ ეს პრობლემაა და ცდილობენ ასე მოუარონ ამ საკითხს. სურთ დაიღალოს ხალხი და ქვეყანაში რა მოხდება, ეს არ აინტერესებთ. მართლა ჰგონიათ, ხალხი დაიღლება, დაიქანცება და პროტესტი მიილევა, თუმცა ეს თუ არ მოხდა, იმედი აქვთ, რომ ამასობაში ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ და ამის შემდეგ შეწყდება ზეწოლა ამერიკიდან ბიძინა ივანიშვილზე, რომ სანქციები გაუქმდება და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, დარწმუნებულია, რომ ამ პროტესტს ამერიკა უძღვის წინ და თუ ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ, ჰგონია, პროტესტი შეწყდება, ამერიკა უბრძანებს თავის ჯაშუშებს და დაწყნარდება სიტუაცია საქართველოში. როცა ეგენი ჯაშუშებსა და აგენტებზე ლაპარაკობენ, ზოგს ჰგონია, მხოლოდ პროპაგანდაა. არა, ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, მართლა ასე ჰგონიათ. ივანიშვილს მართლაც ჰგონია, რომ იმდენად მაგრად ჰყავს ამერიკას აქ აგენტურა, რომ ჩვენმა სუს-მა ვერ იპოვა მტკიცებულებები. ამას არაფერი უშველის, მაინც ასე ეგონება, როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რომ არ გამოსულიყო ამდენი ადამიანი ქუჩაში, არ იქნებოდა დასავლეთიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც სანქციები დაუწესდებოდათ და შერჩებოდა გაყალბებული არჩევნები ხელისუფლებას. ამ პროტესტმა აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ტრამპის დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორსაც “ქართული ოცნება” ელის. ერთადერთი, რაც პროტესტს სჭირდება, გაფართოებაა, სხვადასხვა სფეროს ადამიანების ჩართვა და რაც მთავარია, ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ალტერნატივა ამ პროტესტიდან. ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალ პოლიტიკურ ალტერნატივას, ისეთ ძალას, რომელსაც ენდობა. ამ პროტესტის ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პოპულარობამ მოიკლო ამ პროტესტის განმავლობაში. არადა, პირიქით ხდება ხოლმე, ოპოზიციის რეიტინგი იზრდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახალი ძალის შექმნა ადვილი არ არის. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, სულ ახალი ხალხი, რომელსაც არავინ იცნობს. რომ შეიკრიბონ და გამოაცხადონ, ჩვენ ვართ ახალი ძალაო, მასაც ხალხი ბრმად არ გაჰყვება, ამიტომ შუალედური ვარიანტი უნდა მოიძებნოს. ერთი მხრივ, უნდა გამოჩნდნენ ახლებიც და გადაჯგუფება მოხდეს არსებულ პოლიტიკურ ფიგურებშიც. ვფიქრობ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე სიმბოლური გამაერთიანებელი ფიგურა სალომე ზურაბიშვილი იქნება. თუ სწორი კომუნიკაცია იქნება ხალხთან, ამის შემდეგ, ვფიქრობ, იქნება ნახტომისებური მომენტი პროტესტის განვითარებაში და ეს მოკლე ხანში ახალ კონტინგენტს შემატებს აქციას. ახალი პოლიტიკური ალტერნატივა სჭირდება დასავლეთსაც, რათა იქიდანაც გაძლიერდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, და არა არსებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მხოლოდ ხელისუფლების ხისტი პოლიტიკა აერთიანებთ”, მიიჩნევს პოლიტიკოსი.

“დავუშვათ, ხვალ ხელისუფლებამ გამოაცხადა, კი ბატონო, ჩავატარებ ახალ არჩევნებსო, დავუშვათ, გადააყენა კობახიძე, ყველას რომ ჰყავს დავიწყებული ყაველაშვილი, ის გამოვიდა და დანიშნა ახალი არჩევნები, ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, და რა ხდება ამ დროს? წინასწარ გეტყვით - ოპოზიციური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი იტყვის, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არაფერში, ეს ხაფანგია, ხელისუფლება აგებს და ახლა ეს უნდა გააკეთოს. პირიქით, ყველანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და ბოლომდე გავტეხოთ "ქართული ოცნება" წელშიო. მეორე ნაწილი კი იტყვის, აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება გატყდა და უკან იხევსო. ხელისუფლება ერთ ნაწილს ამას კონსტრუქციულობაში­ ჩაუთვლის, მეორეს დესტრუქციულობაში. აი, ასეთი სცენარისთვის არ არის დღეს ოპოზიცია მზად”, - თვლის დავით ზურაბიშვილი.

“ხელისუფლებას ჯერ იმედი აქვს, რომ ყველაფერს დაალაგებს. ელოდებიან ტრამპი და პუტინი როდის მოილაპარაკებენ. თუ დაინახავენ, რომ ეს არ გამოდის, მერე შეიძლება რამე გააკეთონ, რაიმე მანევრები დაიწყონ. ოპოზიციური სპექტრი და ვეჭვობ, საპროტესტო მოძრაობაც არ არის მზად, რომ ხელისუფლებასთან დაიწყოს მანევრები, რა და როგორ გააკეთონ. ამიტომ არის საჭირო ძლიერი საპროტესტო მოძრაობიდან ამოზრდილი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. მე იმ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომამდე ასე მივიდეთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებდეს, ხალხი ქუჩაში იდგეს და ამასობაში მოვიდეს თვითმმართველობის არჩევნები. ამ დროს რა ხდება ეგ არის საკითხავი. ვიღაცები იტყვიან, არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ხელისუფლება არალეგიტიმურიაო, ვიღაცები იტყვიან, მივიღოთ მონაწილეობაო, ამიტომ საფიქრალია ამ ყველაფერზე. ძლიერი, ავტორიტეტული ალტერნატივა წაართმევდა ხელისუფლებას ძალაუფლებას”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი და ამ საპროტესტო მოძრაობიდან ამოზრდილი ალტერნატივაა კოზირი. მერე ვერ იტყვიან, ამათზე, რომ “ნაცები” არიან, რომც თქვან, ხალხი არ დაიჯერებს ამას (ზოგადად, ვინც სააკაშვილის თემას წინ წამოსწევს, ამით მოახდენს პროტესტის დისკრედიტაციას). არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ამას რამდენად შეძლებს, მაგრამ ამ რეალობაში როგორც გამაერთიანებელი სიმბოლო, ის არის. ამ ახალგაზრდებშიც არიან ნიჭიერები, მაგრამ მათ რომ შეძლონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებად გახდომა, ამას დრო უნდა. დიახ, უამრავი ნიჭიერი ადამიანია და შეიძლება ძალიან საინტერესო პოლიტიკოსებადაც ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჩილეში პინოჩეტის რეჟიმის გადაგდებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. შეიძლება იქ სპეციფიკა სხვა იყო, მაგრამ იქაც არ უნდოდა წასვლა პინოჩეტს, დაჭერებიც იყო, ზონდერებიც, მაგრამ ხალხის პროტესტმა მაინც მიაღწია თავისას”, - დასძენს ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “მოლოდინი იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდებოდა დაენიშნა არჩევნები” - პასუხობს:

“შეიძლება, თუ გამოიკვეთება საგარეო ალტერნატივა. თუ ტრამპი არ აპირებს კავკასიის დათმობას რუსეთისთვის, არ აპირებს საკუთარ ინტერესებზე ხელის აღებას, მაშინ შეიძლება ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. თუ ეს ყველაფერი იქნა, შეიძლება შემოდგომაზე სერიოზული გარდატეხა მოხდეს...”

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის