თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე - მოგიწოდებთ, არ ცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება

დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია; პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ - მოგიწოდებთ, არ ცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა და ან რუსულ ავტორიტარიზმში ჩაეფლობა ან მოემზადება ევროპული მომავლისთვის“.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა, თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის ნებას, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიმართავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრუტალური დარბევებით, მასობრივი დაპატიმრებებით, ცემით და წამებით; რომელსაც პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ.

საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ნიშნავს: ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციის უგულებელყოფას, რომელიც მოუწოდებს მის წევრებს არ ცნონ დელეგაციის მანდატი; საშვის გაცემას რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ რუსეთის ინტერესების მსახურებისთვის; მოპარული არჩევნების და იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომლის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარებაზეც უარს აცხადებს საერთაშორისო საზოგადოება; ძალადობის ლეგიტიმაციას და წახალისებას; ამ ასამბლეისთვის მინიმალური სანდოობის დაკარგვას ქართველი ხალხის თვალში.

მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე 60 დღეა ქუჩაში აპროტესტებს, უკანონო ნივთიერებებით გაჟღენთილი გაზით იწამლება, ჩვენს ახალგაზრდებს აპატიმრებენ, აქტივისტებს სცემენ და აწამებენ, დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, როდესაც არცერთი მოძალადე პოლიციელი არ დასჯილა, ახლა არის გადამწყვეტი მოქმედების დრო თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის გამოსვლასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს