28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებებით მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწორედ 28 იანვარს ხელმოსაწერად გაიხსნა ,,პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108 კონვენცია, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ერთ-ერთ პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს. 2006 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება და 28 იანვარი მონაცემთა დაცვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიება ოფისის ახალ სივრცეში გამართა. მას უწყების თანამშრომლებთან ერთად აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ორი სპეციალური ანგარიში წარადგინა:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტის დანერგვის მიზნით 2022-2024 წლებში სამსახურის მიერ განხორციელებული საუკეთესო აქტივობების შესახებ; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის თაობაზე.
ასევე, ლელა ჯანაშვილმა წარადგინა სამსახურის მიერ შემუშავებული ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ლექსიკონი“, და ტესტებისა და კაზუსების კრებული.
გარდა ამისა, სამსახურის უფროსმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო სამსახურის მიერ შექმნილი აპლიკაცია „ციფრული მრჩეველის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლით სარგებლობაც დაინტერესებულ პირებს სამსახურის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.
ღონისძიების მეორე ნაწილში, გერმანიის სოციალურ საკითხთა ფედერალური სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სამსახურის ორენოვანი, პერიოდული, სამეცნიერო გამოცემის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრმა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა - ნორბერტ ბერნსდორფმა ონლაინ ფორმატში დამსწრე აუდიტორიისთვის ლექცია ჩაატარა.
დღესვე, სამსახურის ოფისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ესეების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.
I ადგილი ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი ვეკუამ, II ადგილი ქართულ-გერმანული სკოლა “სხივის“ მოსწავლემ - ნურსელ ნურიევამ, III ადგილი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნანა შარიქაძემ დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებულმა ესეების კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამსახურმა ოფისის ახალ სივრცეში გამართა, რომელიც ასევე დღეს გაიხსნა. სრულად აღდგა და გარემონტდა შენობის ისტორიული სართული, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თბილისელმა არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა დააპროექტა.
შენობაში მოეწყო სივრცეები შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის, რაც უწყებას შესაძლებლობას მისცემს, უფრო მასშტაბურად დაგეგმოს საგანმანათლებლო პროექტები. მათ შორის შეხვედრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.