UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამები და ჰისტეროსკოპი გადაეცათ

24 იანვარს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს 4 ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრისთვის გადაცემული ადაპტირებული სკამები, საშუალებას მისცემს როგორც შშმ პაციენტებს, ისე გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, მათ შორის, ხანდაზმულებს, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით სხვებთან თანასწორად და შეძლონ საშვილოსნოს ყელის კიბოს დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია.

“UNFPA-სა და TIKA-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესს მიღმა და ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან სერვისებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები და მხარი დავუჭიროთ ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საქართველოში” - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 131,803 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთაგან 49,727 ქალია. UNFPA-სა და TIKA-ს ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შშმ ქალების წვდომას საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს და ზოგადად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს საქართველოში.

“ქალების, განსაკუთრებით შშმ ქალების, ჯანმრთელობის დაცვით, გვსურს, წვლილი შევიტანოთ უფრო ნათელი და ჯანსაღი მომავლის შექმნაში. ჩვენთვის პატივია UNFPA-თან თანამშრომლობა ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების გასაუმჯობესებლად" - განაცხადა TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორმა, ზეინეპ ბაირაკიმ.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება. ეს გამოწვეულია როგორც ჯანდაცვის დაწესებულებების არაადაპტირებული გარემოთი, მათ შორის, შესაბამისი გინეკოლოგიური სკამების არარსებობით, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ცოდნის და პრაქტიკის ნაკლებობით.

,,ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, შშმ პირებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, რათა შეძლონ სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიღება. ჩვენი ფილიალები აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსით და ახლა უკვე, UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, სამედიცინო ინვენტარით, რაც კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის სამედიცინო სერვისით სარგებლობას," - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

მათივე ინფორმაციით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს