ევროსაბჭოში ის ინიცირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას - ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების გადახედვა პირველ რიგში სჭირდება, რეპუტაციულად, თავად ევროსაბჭოს.
„არ შეიძლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსთან, ასვე ეუთო/ოდირის ანგარიშებთან და დასკვნებთან. ის ინიცირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და ვფიქრობ, რომ მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს. ეს სჭირდება, პირველ რიგში, რეპუტაციულად, თვითონ ევროსაბჭოს," - განაცხადა იონათამიშვილმა.
მან აღნიშნულ თემაზე საუბრისას ოპოზიციის როლზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა“.
„ეს პირველი არ არის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს. ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ასე იყო ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც. ასე იქცევიან ისინი სტრასბურგშიც. ეს არის მათი საქმიანობის ერთადერთი არეალი, როგორც ჩანს, რომ რაიმენაირად ჩვენს ქვეყანას მიაყენონ ზიანი. საბოლოო ჯამში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვის რა პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოებისთვის ასეთი მტრული ჯგუფები ყოველთვის იქნება რადიკალურად მიუღებელი," - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს, კერძოდ, საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების.
პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.
მონიტორინგის კომიტეტი მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.