ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან.

„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40 %-ით მოიმატა, რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.

ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს