საბა ბუაძე - მზია ამაღლობელის პატიმრობა მხოლოდ პოლიტიკური დევნის საკითხი აღარ არის, ეს მორალური წითელი ხაზია - ყველა, ვინც მხარს უჭერს მის პატიმრობას, ამ მორალური წითელი ხაზის მიღმა რჩება

მზია ამაღლობელის პატიმრობა მხოლოდ პოლიტიკური დევნის საკითხი აღარ არის, ეს ძალიან მკაფიო მორალური წითელი ხაზია - მზია ამაღლობელის გათავისუფლების გზაც და ამ რეპრესიული აპარატის დემონტაჟის გზაც, ჩვენს აქტიურობასა და სამოქალაქო პროტესტზე გადის. ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია რეალური ცვლილება მოიტანოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვითარება „ხელისუფლების და რეჟიმის პასუხისმგებლობაა“.

„მზია ამაღლობელის პატიმრობა მხოლოდ პოლიტიკური დევნის საკითხი აღარ არის, ეს არის ძალიან მკაფიო მორალური წითელი ხაზი და ყველა, ვინც მხარს უჭერს მის პატიმრობას, სამწუხაროდ, ამ მორალური წითელი ხაზის მიღმა რჩება. ადამიანი ოცი დღეა შიმშილობს, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე. დავანებოთ თავი იმაზე საუბარს, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო და ამ სისტემის მძევალია, უბრალოდ საუბარია მის ყოფნა-არ ყოფნაზე. აქედან გამომდინარე, ცინიკურია ის კომენტარები, რასაც ვისმენთ და განსაკუთრებით ამორალური და ამაზრზენია, ვინც ამბობს - მოინანიოს, აბა რა ეგონაო. ახლა „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცებს უთქვათ, იტყუება და არ შიმშილობსო. ეს უბრალოდ, მორალური საკითხია. გარდა იმისა, რომ მზია ამაღლობელი კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და ღირსეული ჟურნალისტია, ნამდვილად გამორჩეული მოქალაქეა. ვაცლავ ჰაველის სიტყვებია, რომ დისიდენტობა არის, როდესაც ცდილობ, იყო ღირსეული ადამიანი უღირს სისტემაში. ასეთია მზია ამაღლობელი - ღირსეული ადამიანი უღირს სისტემაში“,- განაცხადა ბუაძემ.

ბუაძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე და განაცხადა, რომ ამ ადამიანების წახალისება ძალადობრივი ვერტიკალის შენარჩუნებისთვის ხდება.

„ამერიკამ და ევროპამ რომ არ დაასანქციროს, ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი რას აკეთებდა და რა მოხდა? საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი მათი ძალადობა. შესაბამისად, სანქციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება და ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ მათ წინააღმდეგ, ვინც სისტემას წარმოადგეს - დაწყებული ივანიშვილით, გაგრძელებული პოლიციით და სასამართლოს წარმომადგენლებით. ძალიან კარგად ჩანს, რისთვის სჭირდებათ ამ ხალხის წახალისება, რათა სისტემა არ ჩამოიშალოს. ძალადობრივი ვერტიკალი რომ შეინარჩუნონ, ეუბნებიან ამ ადამიანებს - დაგასანქცირებენ? მე მოგცემ ღირსების ორდენს; ფულს და ქონებას გაგიყინავენ? ბიუჯეტიდან დაგიკომპენსირებ. ეს გზავნილი აქვს ივანიშვილს ამ ადამიანების მიმართ. ივანიშვილი ვერანაირად ვერ იქნება ამ ადამიანებისთვის მეხამრიდი, რადგან პასუხისმგებლობა მოვა და ეს პასუხისმგებლობა ინდივიდუალური იქნება“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა