მიხეილ ყაველაშვილი - განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად, ასე შეგვიძლია, ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს

ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართა.

მან საზოგადოების პოლარიზაციას ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა უწოდა და ამ პროცესში გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენების სამწუხარო შემთხვევებზე ისაუბრა.

„მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და შეცდომების აღიარებისა და სიმართლისთვის თვალის გასწორების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება, სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება, ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში