„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება მხარდაჭერა და თანადგომა.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განმარტებით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა