სისტემა დგას და ამბობს, რომ ეს ერთი ქალი [მზია ამაღლობელი] უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ მან სისტემას გააწნა სილა და თავისი ღირსება დაიცვა - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის და კონკრეტულად, ივანიშვილის არაადამიანურ სახეს, რომელმაც გაბედა ის, რაც ასლან აბაშიძეს არ გაუბედია და „ბათუმელების“ რედაქტორი ერთ საათზე მეტხანს არ დაუკავებია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მზია ამაღლობელი „წინააღმდეგობისა და ღირსების დაცვის სიმბოლოა“.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს! ამ სიტყვებით დავიწყებ. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, ეს ხომ სახელმწიფო არ არის. ეს არის ივანიშვილი და მისი პარტია. სახელმწიფო ჩვენ აღარ გვაქვს. ერთადერთი, რა სახელიც ჰქვია, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი და უხილავი დიქტატორის არაადამიანური სახე. გარდა იმისა, რომ მზია არის პირველი დაკავებული რედაქტორი ქალი საქართველოში, გარდა იმისა, რომ ის წინასწარ პატიმრობაშია და პატიმრობა მისჯილი არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“ მიდიან ყველანაირი ქართული ტრადიციის, იდენტობისა და მორალის წინააღმდეგ, პოლიტიკურსა და სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ. ქალმა, თავისი ღირსება დაიცვა, როდესაც დგებუაძემ გააკეთა ის, რაც გააკეთა - შეაფურთხა, აგინა, მას საპატიმროში არ მისცეს ელემენტარულის შესაძლებლობა, ახლა კი სისტემა დგას და ამბობს, რომ ეს ერთი ქალი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ მან სისტემას გააწნა სილა და თავისი ღირსება დაიცვა, როგორც ერთმა ადამიანმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის და კონკრეტულად, ივანიშვილის არაადამიანურ სახეს, რომელმაც გაბედა ის, რაც ასლან აბაშიძეს არ გაუბედია და „ბათუმელების“ რედაქტორი ერთ საათზე მეტხანს არ დაუკავებია. ამიტომ, დღეს მზია წინააღმდეგობისა და ღირსების დაცვის სიმბოლოა. ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს, მათ შორის მზიას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს სოლიდარობას და ივანიშვილის სისხლიან, არაადამიანურ სახეს, რომელიც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ყველა, ვინც მის წინააღმდეგ მიდის“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, აქუბარდიამ ისაუბრა „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 8 პირის საქმეზეც, რომლებსაც ბრალდება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლით მუხლით გადაუკვალიფიცირდათ. როგორც მან აღნიშნა, ეს არის „პოლიტიკური დევნა“.
„ეს არ არის სამართლებრივი დევნა, ეს არის პოლიტიკური დევნა. იმიტომ, რომ ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება მელიასა და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების, მათ შორის გიორგი გახარიას საკითხს, ესენი ყველანაირად ეცდებიან ბოლომდე წასვლას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნა გაგრძელდება. ეს უკვე დაანონსებულია და ქმედებებში უკვე ძალიან თვალხილულია. რაც შეეხება მანდატების შეწყვეტის საკითხს, ვერ გეტყვით წინასწარ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მომსახურების ზონიდან ბოლომდეა გასულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რას ვაპირებთ ჩვენ და რასაც ვხედავთ - ეს არის წინააღმდეგობა იმ პოლიტიკური შურისძიების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებას, ნამდვილ სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს უთხრის ძირს“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
გარდა ამ თემისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ ერთიანობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელს არ უშლის და მას „კრიზისიდან გამოსვლის“ კონკრეტული ხედვა აქვს.
„ახლა ვიმყოფებით კრიზისის მეორე ფაზაში, სადაც გამარჯვება ქართველი ხალხის მხარესაა. რეჟიმის ლეგიტიმაცია აღიარებული არ არის, დასავლეთის მხრიდან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილია, უკვე სანქცირებულია რეჟიმის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ, ახლა ამ ფაზაში მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაგრძელება და იმ ნაბიჯებზე გონივრული დაპირისპირება, რომლებსაც ივანიშვილი დგამს და გადადგამს. [ოპოზიციის ერთიანობას] ხელს არ უშლის გახარიას გუნდი. ჩვენ გვაქვს განსხვავებები პოლიტიკური პარტიებისგან და ეს სიახლე არ არის, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა ამ კრიზისთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებში ერთიანები ვართ. საგარეო ასპარეზზე აქტიურად ვმუშაობთ და აქ განსხვავებები არ არის, როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, მაგრამ ის, რომ ჩვენი ტაქტიკა არის განსხვავებულო ისევე, როგორც ჩვენი რიტორიკა, იმ საერთო მიზნისთვის, რომლის გარშემოც სახალხო პროტესტი მიმდინარეობს ორ თვეზე მეტია, ესეც სიახლეს არ წარმოადგენს. დღეს მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს და მას გონივრულად დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ საერთო მიზანი დადგეს“, - განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, აქუბარდია გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ერთიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ „ერთობა ერთ სურათში ერთად დგომას და მაინც და მაინც, ერთნაირი ნაბიჯების გადადგმას არ ნიშნავს“.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთი მხრივ ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე, რომ დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომლიდანაც ივანიშვილმა გაიყვანა, ამასთან ჩვენს ამომრჩეველთან და ის დაპირება, რომელიც გიორგი გახარიამ გასცა ივანიშვილის ფულისა და ძალაუფლების დაკარგვასთან დაკავშირებით. სხვა დანარჩენი არის პროცესი და ერთობის ერთიანი სურათი ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არის, როდესაც ბერვად უფრო გონივრულად სჭირდება ამ ყველაფერს დაპირისპირება“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლებრივ კოდექსში და ამასთან, „პოლიციის შესახებ კანონში“, აქუბარდიამ აღნიშნა, რომ „ეს არის ნაბიჯები დიქტატურისკენ“.
„ეს არის ნაბიჯები დიქტატურისკენ. მათი ე.წ. კანონები მიმართულია, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებისა და პროტესტის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის რეპრესიულ ბუნებას და იმ შიშს, რომელიც არის უწყვეტი პროტესტიდან გამომდინარე“,- განაცხადა აქუბარდიამ.