4 თებერვლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც მზად არიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მძიმე და უშინაარსო კონსპირაციის თეორიებიც კი აწარმოონ, - ამის შესახებ მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” ლიდერებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ბრიფინგზე მოძრაობის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და წამყვანს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და პატიმრობაში მყოფ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს.
მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები: გადადგეს არხის ხელმძღვანელობა და დაეთმოს ეთერი ხალხს.
ასევე, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და აქციებზე დაკავებული ყველა მოქალაქე.
„სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაჟღერებულ მუქარასა და ცილისწამებას ვეხმაურებით სრული გამჭვირვალობითა და უშიშრობით, რადგან საზმაუს პროტესტში აქტიურად ჩართული მოქალაქეების მხარეს არის ყველაზე მთავარი: ხალხი და სიმართლე!
სამწუხაროდ, 4 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც მზად არიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მძიმე და უშინაარსო კონსპირაციის თეორიებიც კი აწარმოონ. ძალაუფლების დაკარგვის შიშის გარდა, სხვა რა შეიძლება ედოს საფუძვლად ისეთ მოურიდებელ ტყუილს, როგორიც არის პროტესტის სახელმწიფო გადატრიალებაში დადანაშაულება?! ეს უმძიმესი ბრალდება და მიზანმიმართული მუქარა, პირდაპირ შეურაცხყოფს, როგორც უშუალოდ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანებს, ასევე ნებისმიერ მაყურებელს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებელი და რომელსაც, პირველ რიგში, სიმართლით უნდა უზრუნველყოფდეს.
არხი დიდი ხანია ამ ფუნქციას აღარ ასრულებს. მაგალითისთვის, მან ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ დახურა კრიტიკული გადაცემები და მაყურებელს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევნების შემდგომ კი არხი კიდევ უფრო შეუნიღბავად დგას პარტიული ნარატივის ტირაჟირების სამსახურში, და არ ერიდება ეთერის გამოყენებას პროტესტის დისკრედიტაციისთვის. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეა, რომ ჩვენ ყოველდღიურად უდიდეს ძალისხმევას ვდებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხის სამსახურში დასაბრუნებლად. მენეჯმენტის სურვილს ეთერში ხალხის ნაცვლად პოლიტიკოსებს ელაპარაკათ, არაერთხელ დავუხვდით პრინციპულად და არაერთხელ მოვახერხეთ, რომ ეკრანებიდან მაყურებელს თავისი სატკივარი გაეგო. ჩვენ ეს პროტესტი მტკიცედ გავმიჯნეთ არსებული პოლიტიკური პარტიებისგან და ვაჩვენეთ, რომ მისი ძალა სწორედ მის სახალხოობაშია ! ჩვენ, ადამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, მენეჯმენტს ისიც დავანახეთ, რომ სიმართლის მოსმენაა ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
რეალურად, ეს ყველაფერი საბჭომ და მენეჯმენტმა ზუსტად იციან. იციან, რომ ამ პროტესტს პარტიულ ინტერესებთან არაფერი აქვს საერთო. გვაბრალებენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, მაშინ, როდესაც ასევე ზუსტად ესმით, რომ ჩვენ ვმოქმედებდით სრულიად მშვიდობიანად იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც პროტესტსა და მენეჯმენტს შორის შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, "სახალხო ეთერის" სტუმრებზე პასუხისმგებლობას პროტესტი აიღებდა. ეს შეთანხმება კი, მენეჯმენტმა დაარღვია და სახალხო ეთერი შეწყვიტა!
და რადგან ეს ყველაფერი მათ ზუსტად იციან, მაშინ რა არის ის, რასაც სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებენ?: რეჟიმის მიერ ნაწამები ადამიანების გაშუქება?დევნილების ეთერის მოთხოვნა? შშმ პირების პრობლემებზე საუბარი? მეშახტის, მასწავლებლის, ექიმის, სტუდენტის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის, წამებისა თუ კორუფციის მსხვერპლის, თუ მიწა-წყლის მცველის ხმის მოსმენა? ან იქნებ, პროპაგანდის კრიტიკა?პროტესტი ემსახურება სწორედ ამ ხმების, უბრალო მოქალაქეების, საზოგადოების წევრების სათქმელის გაჟღერებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხსნას პარტიული ინტერესებისაგან!
შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნებიც რჩება მტკიცე და უცვლელი: გადადგეს არხის ხელმძღვანელობა და დაეთმოს ეთერი ხალხს!
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
სოლიდარობა მოშიმშილეებს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!” - აცხადებენ მოძრაობის “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” წევრები.