“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” - აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია - მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია - ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

ორგანიზაციის, რომელიც მის უფლებებს იცავს, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფგან სადიგოვი უკვე 145 დღეა შიმშილობს და ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული.

“დღეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს. სამწუხაროდ, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები.

5 თებერვალს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.

6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ის პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად მისი თანხმობით, გადასხმის მეშვეობით მიეწოდებოდა.

აფგან სადიგოვი უკვე 145 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს სახალხო დამცველს:

შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.

ანრი ოხანაშვილის:

აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების აქტიურ დაცვას და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო