რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის.
„თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.
მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში.
რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, „ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში“.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს, ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზარით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები.
„მსოფლიო ბანკის ბიზნესგარემოს კვლევით, საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევით შედეგებით, საქართველოს ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო რჩება მსოფლიოს ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე, მესამე ქვეყნად, 9.9%-ით.
ფრეიზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა, წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე, როგორც ფართო რეგიონში. გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის ღიაობის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით.
საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველო პირველად მოექცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულირების ინდექსში და კვლავ მე-8 პოზიცია დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკებს შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო წინ უსწრებს 19 სახელმწიფოს ევროპაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბოლოდროინდელი მიღწევები, საქართველოს პოტენციალს უსვამს ხაზს მეტად ძლიერი, დინამიკური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შექმნისათვის.
„საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია, თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან.
მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიკური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.