კახა კალაძე - კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები გაგიჟებული არიან, რადგან მათ საქართველოში მარცხი განიცადეს, მოსახლეობამ ევროპულ ბიუროკრატიას უთხრა „არა“ - სანქციების არავის ეშინია

სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას და ინფორმაციას, რომ რეზოლუცია გარკვეული პირების სანქცირებას შეეხება.

კალაძის შეფასებით, დასავლეთში კონკრეტული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ მათ საქართველოში მარცხი განიცადეს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები (ყველაზე საუბარი არ მაქვს), უბრალოდ გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას უთხრა - „არა“ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ასევე მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და ის კატასტროფული მდგომარეობა არ მივიღოთ, რაც დღეს უკრაინაშია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, არავის მოსწონს „ეს დესტრუქციული ურთიერთობა ამერიკასთან“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.

„რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავაღრმაოთ ურთიერთობები ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არავის მოსწონს ეს დესტრუქციული ურთიერთობა ამერიკასთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაცია, თვითონ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და გადაიტვირთოს არსებული ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, უამრავი მაგალითი არსებობს რომ კარგი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას და „ვერ იხელმძღვანელებს რა მოეწონება და რა არა რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს ბრიუსელში“.

„საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ინტერესების დაცვას, ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ამ ქვეყნისთვის არის საჭირო. ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და არ არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ“,-აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს გაზულუქებულ ბიუროკრატებში, კალაძემ აღნიშნა: „ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს არასწორ განცხადებებს, რომელიც სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული“.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილია რეზოლუციის კენჭისყრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია - ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე”. ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტში, ასევე საუბარია “პოლიტპატიმრებზე, მათ შორის “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზეც”. ამასთან, „ტვ პირველის” ინფორმაციით, რეზოლუციაში საქართველოში მოქმედი ბიზნესმენის დასანქცირების საკითხიც დგას. მათი ინფორმაციით, ეს პირები არიან ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინა ბერძენიშვილი, ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, კომპანია “არქის” დამფუძნებელი, ილია წულაია, ასევე ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი. გარდა ამისა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენების გარდა სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც არიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე