ზურაბ ჩხაიძე - ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს - კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი

მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას-კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში დაიწყებენ.

„გუშინ გავაკეთეთ მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. [შიმშილობის შეწყვეტა] ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს, ვინც მიმართვა გააკეთა. სამწუხაროდ, მაინც აღმოჩნდა რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე კლინიკა და მე მადანაშაულებდნენ. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს სასიხარულოა.

დავიწყებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი.

განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. სპეციალური მენიუა შემუშავებული, დამტკიცებულია ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლი, შესაბამის თანმხლებ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესი. კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღე მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, კვლევების ჩატარება. კვლევების საფუძველზე გვექნება სრული სურათი. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ ე.წ. რეფიდინგ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს", - აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. "სინდისის პატიმრებს" მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - აღნიშნულია წერილში.

მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე