ადვოკატის განცხადებით, დადგენილია ყველა პოლიციელის ვინაობა, ვინც საბა სხვიტარიძის დაკავებასა და ეტაპირებაში იღებდა მონაწილეობას

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა, დაზარალებული სამართალდამცველის მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილიც იმყოფებოდა.

ჩომახაშვილის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, ვინც ბრალდებულის დაკავებასა და ეტაპირებაში იღებდა მონაწილეობას.

"უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ ძალიან კარგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკვეთა ყველა პირი, რომელმაც საბა გაიტაცა, მათი სახელები და გვარები გამოიკვეთა. ეს ყველა პოლიციელი დაზარალებულის დაქვემდებარებაში არიან, ისინი ვალდებული არიან დაზარალებულის სამსახურებრივი მითითებები შეასრულონ, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესაძლებლობას ზრდის", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

კითხვაზე, ბადებს თუ არა ეჭვებს ის ფაქტი, რომ სხვიტარიძის დაკავებაში დაზარალებული პოლიციელის მოადგილე იღებდა მონაწილეობას, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

"ჩვენ ეჭვების გარდა, საქმეში საბა სხვიტარიძის, ზაზა სხვიტარიძის, მათი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები გვაქვს, რომ საპატრულო პოლიციამ გადაუკეტა მათ გზა ავტობანის ტერიტორიაზე, უფლებები არ განუმარტა და ნიღბიან პირებს გადასცა - მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ ჯგუფს. ეს ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა. მტკიცების ტვირთი ჩვენ არ გვაქვს, ის რომ ეს ქმედება არ განხორციელებულა, სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს",- განაცხადა ჩომახაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი, თუ ვინ განახორციელა სხვიტარიძის ეტაპირებისას მის მიმართ გაუპატიურების მუქარა, ადვოკატი ასე პასუხობს:

"ჩვენთვის ცნობილია, ამ ავტომობილში ვინ იმყოფებოდა, იქ 4 პირი იყო, ისინი სასამართლო სხდომაზე ჩამოვთვალე და სწორი არ იქნება, მედიასთან ჩამოვთვალო. ამ 4 პირიდან ერთ-ერთი და დანარჩენი 3 ესწრებოდა დაკავებას. მიხეილ სუჯაშვილი არის მათ შორის. პოლიციელი მუქარას რომ ესწრებოდეს, მითუმეტეს გაუპატიურების მუქარას და მოქმედებას არ ახორციელებდეს, ეს პოლიციელი მონაწილეა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში. პოლიციელს სამართლებრივი დახმარების ვალდებულება აქვს და უმოქმედობა დანაშაულია", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში