ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურ თარიღებში, როგორც არის 25 თებერვალი, საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.

„ეს იყო მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. მოგეხსენებათ, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლამდეც მსგავსი შეხვედრა იყო და ახლაც [შედგა]. აქ ვიყავით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე რასაც ვაწყდებით - რას აკეთებს სექტორი, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოება გაუმკლავდეს. ინფორმაციები გავცვალეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც, მათ შორის 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზეც, გაფიცვაზე და ასევე, სხვა საკითხებზეც.

25 თებერვალი არის ძალიან ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან სიმბოლური [თარიღია] განსაკუთრებით დღეს, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოს 20% არის ოკუპირებული და მას აქვს განზრახვა, მისი მეზობლების დაპყრობის. ასეთ დროს, სიმბოლურ თარიღებში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ამ ქვეყნის რუსულ ოკუპაციას და ამ საკითხში ვართ ერთიანები. როდესაც ერთი საუკუნის წინ საზოგადოება სხვადასხვა საკითხებზე გახლეჩილი იყო, მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა ამის გამო ქვეყანამ ვერ მოახერხა, დღეს ჩვენ ვიცით - ვინ არის რუსეთი და რა გეგმები აქვს საქართველოში, ერთი საუკუნის შემდეგ იგივე ხრიკებით, მეთოდებით, ამ ქვეყანას რუსეთის გავლენის ზონად აღარ ვაქცევთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია