გიორგი ბაჩიაშვილი - აუდიოჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი ჩემს მიერ „ქართუ ბანკში“ სესხის მოპოვების სურვილზეა - ბიძინა ივანიშვილი მთელ ამ საქმეში ისე საუბრობს, როგორც მას აწყობს

აუდიოჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი ჩემს მიერ „ქართუ ბანკში“ სესხის მოპოვების სურვილზეა. ბიძინა ივანიშვილი მთელ ამ საქმეში ისე საუბრობს, როგორც მას აწყობს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება გამოიკვლიეს, კერძოდ კი, აუდიოჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს. სწორედ აღნიშნული ჩანაწერი, მისი ავთენტურობა და შინაარსია მხარეებს შორის დავის საგანი.

„დღეს გამოვიკვლიეთ ჩანაწერი, სამწუხაროდ, სასამართლოს ტექნიკური აღჭურვილობა სათანადო არ არის, ამ ჩანაწერის შინაარსი კარგად არ ისმოდა, ჩემს ადვოკატს სტენოგრამის სიტყვასიტყვით ამოკითხვა მოუწია. ჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი ჩემს მიერ „ქართუ ბანკში" სესხის მოპოვების სურვილზეა, რასაც ჩანაწერის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი მთანხმდება და მეუბნება, რომ ეს თემები დეტალურად "ქართუ ბანკის" დირექტორთან გამევლო და შემეთავაზებინა დამატებითი ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტიდან.

ივანიშვილი საუბარში ამბობს, კი, არ მინდა ვუბრძანო ნატო ხაინდრავას სესხის გაცემა, თუმცა, შემდეგ ჩვენებებში ის ამბობს, რომ მან უბრძანა ხაინდრავას სესხი გაეცა, ოღონდ როგორც ივანიშვილის ინვესტიცია. ერთ შემთხვევაში ამბობს არ ვუბრძანებო, მეორე შემთხვევაში ამბობს, ვუბრძანეო. ის მთელ ამ საქმეში ისე საუბრობს, როგორც მას აწყობს. თუმცა, დოკუმენტური მტკიცებულებები მხოლოდ ერთ რამეს უთითებს, რომ ეს იყო სესხი, არც ერთ კონტრაქტში, არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რომ ეს იყო ინვესტიცია. ჩვენი საუბრის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ "ქართუ ბანკში" წავსულიყავი და ეს პირობები განმეხილა, იმავე დღეს შევხვდი "ქართუ ბანკის" დირექტორს და იმავე დღეს კომიტეტმა დაამტკიცა სესხი. ანუ გამორიცხულია ივანიშვილის მიერ ნახსენები ის დამატებითი მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ის თითქოს, ინვესტორი გახდა, ეს ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო