არჩილ გორდულაძე - ჩვენ პარლამენტში გვყავს რეალური ოპოზიცია, ხოლო ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს „ოპოზიციას“ უწოდებენ, არიან ერთი ჩვეულებრივი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები

ჩვენ საქართველოს პარლამენტში გვყავს რეალური ოპოზიცია, ხოლო ეს ადამიანები, რეალურად, აქაური აგენტურა, რომლებიც საკუთარ თავს „ოპოზიციას“ უწოდებენ, არიან ერთი ჩვეულებრივი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.

„ეს ადამიანები არიან ქვეყნის ოპოზიციაში და არა პოლიტიკურ ოპოზიციაში. ებრძვიან არა მხოლოდ საქართველოს და საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ აკეთებენ განცხადებებს, არამედ ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ აშშ არის უკრაინაში მშვიდობიანი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სწორედ ამის თანასპონსორი და მხარდამჭერია „ქართული ოცნების“ გუნდის ხელმძღვანელობით, საქართველო. ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები რეალურად. ისინი მხარს უჭერენ ომს, უბედურებას, ადამიანების სიკვდილს, ქვეყნის ჩამოშლას და განადგურებას და არ აქვთ სურვილი, რომ უკრაინაში ომი მშვიდობიანად დასრულდეს. ეს არის „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი და ამით ადამიანებმა, გარკვეულმა ძალებმა იშოვონ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, რომელზეც საუბრობს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თუ მისი ადმინისტრაცია,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში