შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ყველამ გააანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები და რომ პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს

104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებას „21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ესკალაციისკენ მოუწოდებდნენ“.

„დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც თავისი მკერდით გადაეფარნენ დამოუკიდებლობას. ამავე დროს, ეს დღე ჩვენ გვახსენებს, თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ. ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ გამოწვევები ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს, ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა, მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც მხარდაჭერას, გვერდში დგომას გვპირდებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა, ეს ქვეყანა ჩვენი იუნკერების, ჯარისკაცების დასაცავი გახდა. სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას, მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. წლები გავიდა და დღესაც ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. ზუსტად, სამი წლის წინ ამ ადგილას, 2022 წლის 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე (უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო), თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა.

104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩა. სამი წელი გავიდა და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ ორჯონიკიძეები, სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას, საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ, რაც იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ. რაც იყო პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალ ხელყოფამდე. აი, ის ორჯონიკიძეები კვლავ არიან ჩვენს შორის, რასაც ვაკვირდებით. არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც კი სამი წლის თავზე, როდესაც ყველაფერი უკვე ცნობილია, როდესაც დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში, როგორც სამხედრო მხარდამჭერის, ისე პოლიტიკური, საინფორმაციო, სადაზღვევო მხარდაჭერის. დღეს, უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ასევე ვიცით, რომ არა ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და აქ გვექნებოდა მეორე უკრაინა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ სამი წლის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაანალიზოს - სად იდგნენ სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ - 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები და იქნებ გაანალიზონ, რომ საკუთარი ქვეყნის გვერდში დგომა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს პატრიოტმა ადამიანმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო