დიდთოვლობის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. მოქალაქეები შიდა სასოფლო გზების გაწმენდას ითხოვენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, აქტიურად იწმინდება.
მათივე ინფორმაციით, უწყებაში შესული შეტყობინებების საფუძველზე მოქალაქეებს დახმარებას დროულად უწევენ.
“ხულოში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, ასევე გაიწმინდა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტამდე მისასვლელი გზა.
ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება. ასევე, გრაფიკის მიხედვით, შეუფერხებლად მიეწოდება სასმელი წყალი დაბა ხულოს მოსახლეობას.
რთული მეტეოროლოგიური პირობების - დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ უამინდობა მომდევნო დღეებშიც გრძელდება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ხვალ 26 თებერვალს არ იმუშავებს.
შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა სახის დახმარება. მოქალაქეთა დახმარების მიზნით მერის წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან მოსახლეობასთან და უწევენ შესაბამის დახმარებას. მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველას აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, საჭიროების შემთხვევაში, ტელეფონის ნომერზე - 995 551 00 52 72
შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა დროულად იქნას აღმოფხვრილი დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები”,- აცხადებენ უწყებაში.