გიორგი ბაჩიაშვილი - ახალ საქმეს გაზრდილ ზეწოლას და თანხის გამოძალვის ოპერაციას ვუკავშირებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს - მუხლი, რასაც პროკურატურა მედავება, ხანდაზმულია

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ახალი ბრალი, რასაც მას ედავებიან, სრულად ხანდაზმულია.

როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს, “მტკვარი ჰესის“ საქმეზე წარდგენილი ახალი ბრალი მასზე ზეწოლის მიზანს ემსახურება.

ბრალდებულის თქმით, ის შეფარდებულ გირაოს 30 დღის განმავლობაში გადაიხდის.

„შეგვეფარდა გირაო, ამ გადაწყვეტილებამ არ გამაკვირვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის, თავიდან ბოლომდე იზიარებს ივანიშვილის პოზიციას და ახლაც ზუსტად ასე განმეორდა.

ამ ახალ დაწყებულ საქმეს, რა თქმა უნდა, გაზრდილ ზეწოლას და თანხის გამოძალვის ოპერაციას ვუკავშირებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა, შეფარდებული გირაო რაღაც განსაკუთრებულად ახალი ზეწოლა არ არის, რადგან ორი წელია, ქვეყნის დატოვება მეკრძალება, დაყადაღებული მაქვს აბსოლუტურად ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება და წილები კომპანიაში, ამიტომ ამ ზეწოლას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მტკიცებულება 11 ტომი გადმოგვეცა და ძალიან დიდი მოცულობით კომპიუტერული ინფორმაცია. ამ მტკიცებულებებს გავაანალიზებთ, თუმცა, რისი შესწავლაც ჩვენ მოვასწარით, იკვეთება, რომ მუხლი, რასაც პროკურატურა მედავება, ხანდაზმულია და პრაქტიკულად უაზროა ბრალდების შინაარსი. ბრალდების დადგენილებას თუ შეხედავთ, შიგნით კონკრეტული დანაშაული აღნიშნული არ არის, ასევე, თუ როდის არის ეს დანაშაული ჩადენილი. უბრალოდ, წერია, რომ პროექტის ღირებულება გაიზარდა, ვადები გაწელა და სავარაუდოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა გულგრილობა. გადახდის ვადა 30 დღე გვაქვს და ვადის განმავლობაში გადავიხდით“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია