ბერდია სიჭინავა - ჩვენი პარტია არანაირ ერთიან სიაში არ იქნება, გამორიცხულია - რომელიმე პარტიასთან ჩვენი გაერთიანების ილუზია არავის ჰქონდეს

ჩვენი პოლიტიკური პარტია არანაირ ერთიან სიაში არ იქნება, გამორიცხულია. ოპოზიციასთან კოორდინაცია კი შეიძლება იყოს ორ საკითხზე: ახალი არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება - ჩვენი პარტია რომ ვინმესთან გაერთიანდება, ილუზია არავის ჰქონდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ერთი მხრივ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გეგმის, მეორე მხრივ კი ერთიან სიაზე ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის პოზიციის თაობაზე.

სიჭინავა ამბობს, რომ გახარიას პარტია სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციაშია, ზურაბიშვილის გეგმაში ახალი არაფერია და მთავარი ისაა, „არჩევნებამდე როგორ მივდივართ“.

„ჩვენ დამოუკიდებლად გავედით არჩევნებზე, ჩვენი პარტია რომ ვინმესთან გაერთიანდება, ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ჩვენი, დამოუკიდებელი გზა გვაქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ კოორდინაციის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ყოველთვის. კოორდინაციაში ვიქნებით ორ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით და ამაში არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება. ყველა ასეთ შეხვედრაზე დავდივართ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ახალი არჩევნების საკითხზე და რეჟიმის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. ამიტომ ამ საკითხის ისე დავიწროება, რომ ყველა ფოტოში აუცილებლად ამ ადამიანებთან ერთად უნდა ვიდგეთ, ერთ შტაბში უნდა ვისხდეთ და ერთი საკითხით ვიყოთ დაკავებული, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, ერთიან სიაზე საუბრისას სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიას, სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით „პოლიტიკური მოგზაურობა“ არ ახასიათებს.

„პოლიტიკური მოგზაურობაა ოპოზიციურ პარტიებში. ჩვენ ეს არ გვახასიათებს. ერთ არჩევნებზე ზოგი ერთ ნომერშია, მეორე არჩევნებზე სხვა ნომერში. ეს მათი არჩევანია და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ერთიან სიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცალსახაა: არანაირ ერთიან სიაში ჩვენი პოლიტიკური პარტია არ იქნება, გამორიცხულია. თუ ვინმეს კოორდინაცია ადარდებს, ორ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ჩვენი კოორდინაცია ამ ადამიანებთან - ეს არის ახალია არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში, რომლისთვისაც გჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზება და მეორე: სინდისის პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა სიჭინავამ.

გარდა ამისა, ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა გუშინ, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე გამართულ ზეპირ მოსმენასაც და „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი, როგორც შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი გიორგი გახარიაა. სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის არ ეშინია, ეს ადამიანები კი მმართველი პარტიიდან, ისინი არიან, ვინც „გახარიას ნაფეხურებს მიჰყვებოდნენ და კოცნიდნენ“.

„კოვიდი რომ დაიწყო, ეს ადამიანები პარლამენტში საპოვნი იყვნენ. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე არ მოდიოდნენ და მერე შეკავების ფაზა მსოფლიოში საუკეთესოდ რომ მართა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში რეკავდნენ და ითხოვდნენ, იქნებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში პარლამენტიდან სამი კაცი ჩასვათო. პოლიტიკური დივიდენდების საკითხი იყო. ასეთები არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები არ იყვნენ სუპერ ძალოვან მინისტრს რომ ეძახდნენ გიორგი გახარიას? ეს ადამიანები არ იყვნენ მის ნაფეხურებს რომ მიჰყვებოდნენ და კოცნიდნენ? ეს ადამიანები იყვნენ ზუსტად. ამიტომ, მათი ქცევის მოდული არ შეიცვლება არცერთი ხელისუფლების დროს. შეიცვლება სიტუაცია? ისევ დაიწყებენ გიორგი გახარიას ქებას. გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის არ ეშინია არასდროს. გამორიცხულია, რომ გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა არ აიღოს ყველა იმ მოვლენაზე, მაგრამ დაველოდოთ გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ გადაწყვეტილებასთან მიმართებით თქვა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და ხელისუფლებას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების გადამეტება მოხდა ცალკეული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების მხრიდან და ცალკეული „ქეისები“ გამოძიებული უნდა იყოს. ის "ქეისები", როდესაც ადამიანებმა თვალი დაკარგეს. დიახ, ეს "ქეისები" გამოძიებული უნდა იყოს. მათ ხელში არაა? თვითონ არ გამოაცხადეს ამნისტია 2021 წელს? გიორგი გახარია უკვე ხელისუფლებაში აღარ იყო. ამიტომ, ცოტა დამშვიდდნენ, აზრზე მოვიდნენ, „იმედშიც“, ასევე მისი მფლობელებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც თითს იშვერენ 20 ივნისთან დაკავშირებით და რაღაც სისულელეებს ყრანტალებენ. ცოტა აზრზე მოვიდნენ. დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გარდა ამისა, სიჭინავამ ისაუბრა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „რეაგირება დაგვიანებული იყო, რადგან ეს არ არის ისეთი ტიპის კატაკლიზმი, რომელიც ვერ შეიძლება გათვალო“. ამასთან, სიჭინავა ასახელებს ნაბიჯებს, რომელიც კრიზისის დროს ქვეყანაში უნდა გადაიდგას. ესენია: მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, საოპერაციო შტაბის დაუყოვნებლივ შექმნა ადგილზე, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის თანამდებობის პირის განსაზღვრა, რომელიც უშუალოდ იქნება ოპერაციაში ჩართული და ცხელი ხაზის დაუყოვნებლივ ამოქმედება.

ირაკლი კობახიძე არ არის მთავრობის მეთაური. არც ეკონომიკასთან დაკავშირებით აქვს ცოდნა, არც კრიზისების მართვის მიმართულებით. ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის, ეს არის ლაყბობა ივანიშვილის ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებისთვის. ხელისუფლება არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს