პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  აღარ იქნებიან ჩართული

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

საკითხზე ხვალ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

პარლამენტის რეგლამენტი და მთელი რიგი სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.

დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა აქამდე სავალდებულო იყო.

როგორც სახელისუფლო უმრავლესობა განმარტავს, “არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა იმ რეალურ მიზანს ვერ ასრულებს, რასაც კანონმდებლის ნება ემსახურებოდა“.

“ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. შესაბამისად, ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.

მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება შეუძლიათ, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას.

შესაბამისად, ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა - საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებები, აუცილებელია სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები“, - აცხადებენ პროექტის ინიციატორები.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე