ლევან ჟორჟოლიანი - გურიაში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია, 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, გაზმომარაგება კი - დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს

გურიაში ძირითადი გზების 80% უკვე გაწმენდილია, ეს არის მუნიციპალური გზები, დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება, სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს გურიის რეგიონში განუცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტზე იყო დაზიანება, გუშინ დღის ბოლოს კი 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, ასევე გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტი იყო გათიშული. გუშინ, დღის დასაწყისში, 24 000-ზე მეტი აბონენტი უკვე იყო ჩართული, დღის ბოლოს კი, ამას დაემატა 4 800 აბონენტი. კარგად მივდივართ ამ მიმართულებით.

ასევე, ძირითადი გზების 80 % არის უკვე გაწმენდილი, ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია, რომ უშუალო კომუნიკაცია მოხდეს უკვე მოსახლეობასთან, საჭიროების შემთხვევაში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის. გაიცა კონკრეტული დავალებები, დასახულია გეგმა. გაზმომარაგების ნაწილში, 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტი უკვე აღდგენილია. ამ მიმართულებით, დღეს, უკეთესი დინამიკა და შედეგები გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს მობილიზებულია. მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები ჩავიდა, ჯამში 10 000 ყუთი და „ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება“.

„ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000 ჩოხატაურისთვის და 3 000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ, პრობლემა არ გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოჯისტიკური მომსახურება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“