პარლამენტში დღეს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ

3 მარტს, პარლამენტში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

საკითხი, პირველი მოსმენით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გადის.

"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული.

პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.

მედიაორგანიზაციები "უცხო ძალისგან" ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ.

იკრძალება "უცხოური ძალის" მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა - პროგრამების მომზადებისა და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

. ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა" და "მიუკერძოებლობის" პრინციპებს არ დაიცავენ.

. თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;

. წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);

. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;

. სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;

პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას დააჯარიმებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა