ფიქრია ჩიხრაძე - სანქციები გაგრძელდება და უფრო მეტ ადამიანს შეეხება - საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გზა მოჭრილი აქვს

სანქციები გაგრძელდება და უფრო მეტ ადამიანს შეეხება, ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია, რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და რატომ უნდა ეპოტინებოდნენ ძალაუფლებას? - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ქართველი პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვისა და პარლამენტის წევრისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან პირველი ქვეყნები, რომლებიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამენ და ამას შემდგომ სხვა ევროპული ქვეყნების სანქციები მოჰყვება.

„სანქციები როდის არის საჭირო? როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომლებიც არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ-მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ჩაახშოს, ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ, აპატიმრებდეს და არაპროპორციულ ჯარიმებს უწერდეს და ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის მაქსიმალური კონტროლი ხდებოდეს. ამ კონტროლში კი ჩართულია როგორც მმართველი პარტია, ისე სასამართლო და სამართლებრივი სისტემა. სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და შემდგომ კანონი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერგება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე სვლაში ეხმარებოდნენ და მათ თვალწინ გაიარა საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ცდილობენ ქვეყანაში დემოკრატიას რაღაცით შეეშველონ. გვარები, რომლებიც დასანქცირებულთა სიაში ხვდებიან, ისინი გარკვეულ რეესტრშიც ხვდებიან და ერთიან ევროპულ სივრცეში ამ ადამიანების მიმართ კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, ამიტომ ისინი ქილიკით ნუ მიუდგებიან ამ საკითხს.

სასამართლო სისტემას რომ უჭირს ახალი ამბავი არ არის და სამწუხარო რეალობაა, დღეს სასამართლოს „კლანი“ მართავს და წინა ხელისუფლების ცუდი გამოცდილება კი არ შეიცვალა, არამედ, პირიქით უფრო გამყარდა და ბევრად უფრო რთული და მძიმე ხასიათი მიიღო. პოლიტიკური გადაწყვეტილების აღმსრულებლები ხდებიან მოსამართლეები, პოლიციელები, რომლებიც უკანონოდ აკავებენ ადამიანებს და მათ ხელს უშლიან, რომ პროტესტი გამოხატონ და შემდგომ პროკურატურა საქმეებს კერავს. ადამიანებს კი, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან ადგილას, დანაშაულს ედავებიან, ცრუ მოწმეები მოჰყავთ, რაც მძიმე ამბავია.

ვხედავ, რომ მოსამართლეები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, დილით სალონში დადიან, თმებს იწესრიგებენ, მანტიაზე გადმოიყრიან და შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, რომ წარბს არ შეიხრიან. ყველას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ისინიც შეიძლება აღმოჩნდნენ მსგავს სიაში. „ქართული ოცნება“ კი დიდი ხანია ტყუილებით კვებავს საზოგადოებას, მათი პროპაგანდა ტყუილებზეა აგებული. ვინ გრძნობს დაცულად თავს ამ ქვეყანაში? ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად პროტესტს გამოხატავენ ვერ გრძნობენ თავს დაცულად, ვერც საჯარო მოხელეები გრძნობენ თავს დაცულად. ვერც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებმა იგრძნეს დაცულად თავი, რომლებიც სისტემას დაუპირისპირდნენ. როცა „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მშვიდობაზე ესაუბრება, ეს ხალხის შიშით დაზაფვრას გულისხმობს. როგორ შეიძლება რუსეთის იმედად მშვიდად და დაცულად გრძნობდე თავს? სწორედ ამიტომ გვინდა ევროპული მომავალი, ეკონომიკური და უსაფრთხოების ქოლგა, რომ როგორც ქვეყანამ, ისე საზოგადოებამაც დაცულად იგრძნოს თავი.

სანქციები გაგრძელდება და უფრო მეტ ადამიანს შეეხება. საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში მოჭრილი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში გზა. ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია, რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და რატომ უნდა ეპოტინებოდნენ ძალაუფლებას?“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პოლიტიკოსმა ყურადღება, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაზეც გაამახვილა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„არ ველოდები კანონების ცვლილებას. ჯარიმები, რომლებსაც პროტესტში მყოფ პირებს უწესებენ, დეპუტატების ხელფასებისთვისაც კი არაპროპორციულია. „ქართული ოცნება“ იღებს უსამართლო კანონებს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს. კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ ვფიქრობთ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალთან შედარებით არაპროპორციულ ჯარიმებს უწესებენ, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ კომპენსირებული უნდა იყვნენ“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
ექსკლუზიური შეთავაზება ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
„ჯეოსთილი“ - ხარისხისა და მდგრადი განვითარების 15 წელი საქართველოში