საქართველო არის პატარა ქვეყანა, დამოუკიდებლად ძალა არ შეგვწევს, რომ რაიმე განსაკუთრებული სიტყვა ვთქვათ ახალი გლობალური არქიტექტურის შექმნის პროცესში - ერთადერთი სიძლიერე ჩვენს სისუსტეში მდგომარეობს იმაში, ვიყოთ ყველასთვის თანაბრად სარგებლიანები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე“.
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“ - ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ აქტუალობა არ დაუკარგავს. აქტუალობა არ დაუკარგავს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მსოფლიოში ჯერ კიდევ ახალი გლობალური წესრიგისა და უსაფრთხოების შექმნის პროცესში ვართ, სადაც საქართველოზე ისევ და ისევ გაუგონარი ზეწოლაა. ეს ამ სამი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. სამი წლის წინ დაიწყო ეს გაუგონარი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. „ხალხის ძალა“ იყო სწორედ ის ძალა, რომელმაც კულისებში მიმდინარე ზეწოლა სააშკარაოზე გამოიტანა და ხალხს მისცა საშუალება, რომ ამის შესახებ ემსჯელა. საბედნიეროდ, ხალხმა დაგვიჯერა, ხალხმა გამოგვიცხადა ნდობა. სწორედ ამ ნდობის საშუალებით საქართველომ, ხელისუფლებამ, ჩვენმა ლიდერებმა, ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გვევლო ისე, რომ საფრთხე არ შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანაში არცერთი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა როგორც საშინაო, ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომელსაც რატომღაც ოპოზიციას ვუწოდებთ, ასევე ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტუალურად მოქმედებენ. დავასახელებ მაგალითს, ბალტიის ქვეყნების მიერ ყოვლად ამორალურ სანქციები, რომელიც დააწესეს ჩვენი ქვეყნის ლიდერებზე. იმ ლიდერებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, აირჩიეს საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. სწორედ ამ პირობებში, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს.
საქართველო არის პატარა ქვეყანა, დამოუკიდებლად ძალა არ შეგვწევს, რომ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ახალი გლობალური არქიტექტურის შექმნის პროცესში, რომლის შექმნასაც ახლა ვადევნებთ თვალს და სადაც ძლიერი სახელმწიფოები მონაწილეობენ. მათ ამის პოტენციალი გააჩნიათ. როცა ასეთი პოტენციალი არ გააჩნია საქართველოს, ერთადერთი სიძლიერე ჩვენს სისუსტეში მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ ყველასთვის თანაბრად სარგებლიანი, თანაბრად შევთავაზოთ ყველას ჩვენ ის ფუნქცია, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობა ვაწარმოოთ როგორც აღმოსავლეთთან, ისე დასავლეთთან და დავაკავშიროთ ქვეყნები ინდუსტრიული, ციფრული, სავაჭრო, სატრანზიტო, სატრანსპორტო თუ ა.შ. კავშირების საშუალებით. სწორედ ამ პრაგმატულ პოლიტიკას მივდევთ და ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რასაც უნდა დავეყრდნოთ. გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე. მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მუშაობა პარლამენტში, სადაც ვიღებთ მნიშვნელოვან კანონებს, როგორიცაა უცხოური გავლენისგან თავის დაცვა, დეზინფორმაციისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვა, ასევე უცხოური აქტორების მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი, რომლებიც დაუკითხავად, უტიფრად და უხეშად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ამ ყველაფერს წინ უნდა აღვუდგეთ და ქართველ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ და ავაშენოთ საქართველოს უსაფრთხო, ღირსეული და მშვიდობიანი მომავალი“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.