ირაკლი კობახიძე - რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია.

„რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება“.

მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საზოგადოება ხელისუფლების გვერდით დადგა.

„ჩვენ ძალიან რთული 3 წელიწადი გამოვიარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული ზეწოლა გამოიარა. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული. რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. იყო პირდაპირი მოთხოვნები, ზეწოლა. გახსოვთ რამდენად რთული იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც იქნებოდა ქვეყნის პირდაპირ ომში ჩართვა. გარდა ამისა, ბოლომდე არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ხორციელდებოდა. იქ ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ოკუპაციის შემდგომ პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღია ტექსტებით იყო ამაზე საუბარი. ამას მოყვა პროცესები, რომელიც კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა, ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობები.

ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარია ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით, რომ არა საზოგადოების თანადგომა ვერავითარი გათვლები და სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას, ხალხი და ხელისუფლება ერთად იდგა, სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“,- განაცხადა კობახიძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს