საბა სხვიტარიძის ადვოკატი - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელმა სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენება მისცა, მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება, არსებითად ასცდა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მიცემულ ჩვენებას

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელმა სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენება მისცა, მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება, არსებითად ასცდა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მიცემულ ჩვენებას, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელმა, შეკითხვებზე არაადეკვატური პასუხები გასცა და სწორედ ამის გამო სასამართლომ მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელმა სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენება მისცა, მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება, არსებითად ასცდა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც მოსამართლისთვის ამ მოწმის ჩვენების არ გაზიარების საფუძველი უნდა გახდეს. მისი განმარტებები არ იყო ადეკვატური, ჩვენ მას წარვუდგინეთ ვიდეო მტკიცებულებაც და მან ვიდეოზე მიმდინარე პროცესების საპირისპირო პასუხები გაგვცა. ზუსტად იმავე მოცემულობა იქნება სხვა მოწმეებთან დაკავშირებითაც. ისინი შებოჭილნი არიან ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით. მოწმემ თქვა, რომ 4 დეკემბერს "ქორთიარდ მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პოლიციის ფორმა არ მეცვაო, მაგრამ ფორმა იმიტომ არ ეცვა, რომ ხალხს არ სცოდნოდა, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მოწმე გვიმტკიცებდა სასამართლო სხდომაზე, რომ ხალხს ვეუბნებოდი, რომ პოლიციელი ვარო. ვიდეო კადრებით მოწმეს ასევე ვაჩვენეთ მაგინებელი პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც მან განზრახ "არ იცნო". ყველა მოწმე ამბობს, რომ ეს ადამიანები როგორც მოძალადე "ტიტუშკები" ისე იქცეოდნენ. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ამ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებული, გოგონას ხელს, მაგრამ მოწმემ ესეც არ შეიმჩნია",- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ მოწმე პოლიციელი და დაზარალებული პოლიციელის სამედიცინო ექსპერტი გამოკითხა.

შეგახსენებთ, რომ საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში