პარლამენტმა საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დამატებითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ. იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად შესთავაზა. პროექტი 82 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ამავე პროექტით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მსგავსი მიდგომით გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები, “რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება“.

ამასთან, როგორც პროექტის საპარლამენტო განხილვაზე ითქვა, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს.

“როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

თავის მხრივ, საკითხის საკომიტეტო განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაადასტურა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საჯარო სამსახურის შიდა და გარე ჩარევებისგან დაცვაა.

“საჯარო მოსამსახურეებს მთელი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ და არა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გარკვეული სარგებლის ან შემოსავლის სახით ახალ წყაროს გაუჩენენ და ამ წყაროდან გამომდინარე, მათზე იქნებიან დამოკიდებული.

ვალდებული ვართ, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უნდა არსებობს პრევენციული მექანიზმები.

პირველადი არის საჯარო სამსახური. როცა სხვა გარე სამსახურთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევი, დიახ, ეს უნდა შეთანხმდეს დაწესებულების ხელმძღვანელთან!", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო განხილვისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება